|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის განცხადებას ემიჯნება

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება საზოგადოების თვალში, - ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ემიჯნება და მკვეთრად უარყოფითად აფასებს ახვლედიანის გაკეთებულ განცხადებებსა და მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ: 
"გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გამოირჩევა საერთო სასამართლოების სისტემის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური შინაარსით, რაც თავისთავად გაგრძელებაა იმ ბინძური კამპანიისა, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. მ. ახვლედიანს თავის არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია რაიმე კონკრეტული ფაქტი ან არგუმენტი, რაც ოდნავი დამაჯერებლობის შეგრძნებას მაინც დატოვებდა ნებისმიერ მსმენელში, შესაბამისად, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს არა სასამართლო სისტემის გაძლიერება და განვითარება, არამედ მისი დისკრედიტაცია, შესუსტება და დაკნინება საზოგადოების თვალში. აღნიშნული კი, როგორც თითეული ჩვენგანისათვის, ასევე მ. ახვლედიანისთვისაც კარგად ცნობილია, რომ სასამართლოსთან დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. 
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ მ. ახვლედიანის განცხადებებს და მოსაზრებებს, არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეები, იმ სასამართლოს მოსამართლეები, რომლის თავმჯდომარეც თვითონ არის, საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ სხვა სასამართლოების მოსამართლეები იზიარებდნენ მ. ახვლედიანის პოზიციას. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მ. ახვლედიანი საუბრობს მხოლოდ საკუთარი სახელით, რომლის პოზიციას არც ძალა აქვს და მითუმეტეს არც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სასამართლო ხელისუფლებისათვის. დასახელებული ფაქტების ერთობლიობა, ასევე მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია, სრულ უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მ. ახვლედიანი მართულია სწორედ იმ პოლიტიკური ძალების და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ვისაც ხელს აძლევს სასამართლო სისტემის შესუსტება და მასზე გავლენის მოპოვება. აღნიშნული, როგორც გარეშე ძალების ასევე მოსამართლე მამუკა ახვლედიანის მხრიდან ყოვლად ამორალურ, უზნეო და უღირს საქციელს წარმოადგენს. მ. ახვლედიანი კი მოსამართლის მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებას, სწორედ საკუთარი მორალური პრინციპების, ზნეობის და ღირსების გრძნობის მიმართ უნდა იჩენდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ემიჯნება და მკვეთრად უარყოფითად აფასებს მ. ახვლედიანის გაკეთებულ განცხადებებსა და მის მიერ დაფიქსიებულ პოზიციას", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ  მამუკა ახვლედიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრა და ვითარებას  ხელოვნურად შექმნილი კრიზისი უწოდა. სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები ეჭვქვეშ დააყენა და მისი მოსაზრებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკითხი ღია კენჭისყრით უნდა გადაწყვიტოს. მამუკა ახვლედიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იუსტიციის უმაღლესი სკოლადამთავრებული მოსამართლეობის კანდიდატთა არდანიშვნის გამო, რომელთა განათლებაზე სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური რესურსი დაიხარჯა, ასევე მისთვის მიუღებელია  იმ მოსამართლეთა არ დანიშვნა, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ და წლების მანძილზე სისტემას ღირსეულად ემსახურნენ.  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სრულად გაემიჯნა პოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნა, რომ არამართებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქ-ნ ნინო გვენეტაძის მისამართით იუსტიციის მინისტრის ქ-ნ თეა წულუკიანის მითითებები შიდაუწყებრივი საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა