|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობა პროტესტის მიზეზი გახდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის შემოვლით გზაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთზე გზის ცალმხრივ მოძრაობას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განმარტებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე თვეა ცალმხრივი გახდა. მისი თქმით, გზა რომელიც, თავის დროზე მაშინდელმა პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, ორმხრივი იყო, ახლა კი ირკვევა, რომ გზის რეაბილიტაცია დასრულებული არ არის. წულაია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"2014 წელს გზა ზარ-ზეიმით გაიხსნა, მაშინ აცხადებდნენ, რომ რეაბილიტაცია დასრულებული იყო, რამდენიმე თვეში დაიკეტა ეს გზა და ახლა ირკვევა, რომ უხარისხოდ არის გაკეთებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გზაზე 32 მილიონია დახარჯული და ხელისუფლება არც ინტერესდება, თუ არასწორად მოეწყო, რატომ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა?"- აცხადებს გოგი წულაია.

მისი თქმით, ავტობანის ამ მონაკვეთის დაკეტვის გამო ქუთაისში მოძრაობა გადატვირთულია. შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წელის 19 ნოემბერს გაიხსნა. ცალმხრივი კი 2017 წლის მაისში გახდა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით,  იგეგმებოდა მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით  გარე განათების ქსელის, ხმაურიანი ზოლების, დამატებითი საგზაო ნიშნებისა  და ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა. 

 ქუთაისის შემოვლით გზაზე რამდენიმე გახმაურებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მოუწესრიგებელი გზა სახელდებოდა.

რამდენიმე დღის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე სიჩქარის მზომი რადარები და „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა, თუმცა როდის აღდგება გზაზე ორმხრივი მოძრაობა, ეს საკითხი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა