ქუთაისმა განვითარების გეგმა შვედეთის კონფერენციაზე წარადგინა
"ქუთაისის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის - ქუთაისი 2020“ პრეზენტაცია შვედეთის ქალაქ მალმოში, სკანეს რეგიონის ადმინისტრაციაში გამართულ კონფერენციაზე შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, პრეზენტაცია საერთაშორისო პროექტის ,,ადგილობრივი დემოკრატია და კომპლექსური ურბანული განვითარების დაგეგმარება “SymbioCity“-ის მიდგომით“ ფარგლებში გაიმართა. მას „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრი“ (ICLD) ახორციელებს.
პროექტი 18 თვიანია და მასში ჩართულია საქართველოს, თურქეთის, მაკედონიის და სერბეთის 10 ქალაქის, ასევე ქუთაისის თვითმმართველობა. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილე თვითმმართველობებისათვის დახმარების გაწევას ურბანული განვითარების დაგეგმარების კუთხით.
პრეზენტაცია-განხილვაში მონაწილეობა მიიღო როგორც „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრის“ (ICLD) ექსპერტებმა, ასევე პროექტის მონაწილე სხვა ქალაქების წარმომადგენლებმა.
ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია წარადგინა მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
პროექტის ,,ადგილობრივი დემოკრატია და კომპლექსური ურბანული განვითარების დაგეგმარება ,,SymbioCity“-ის მიდგომით“ განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად იფარება „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრის“ (ICLD) მიერ.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















