ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენისა და ტროტუარის მოწყობისათვის 1 583 020 დაიხარჯება
ქუთაისში, კილომეტრნახევრიანი ქუჩის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 2015 წელს დაიწყო, ამ დრომდე არ დასრულებულა.
ახლახანს ქუთაისის მერიამ ლადო ასათიანის ქუჩაზე, ღვარსადენისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოების მიზნით ქუთაისის ელექტრონული ტენდერი NAT180017028 გამოაცხადა. სამუშაოებისათვის 1 583 020 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია ქუთაისის მერიამ წელს შეიძინა. ტენდერში შპს "პროექტმა" გაიმარჯვა. მის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ტროტუარები ცემენტობეტონის ქვაფენილით მოეწყობა, ბეტონის ბორდიურებით შემოიფარგლება ხის ნარგავები, ტროტუარები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა მოახდინოს.
წინადადებების მიღება 11 ნოემბერს იწყება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, ზამთრის თვეებში იწარმოებს.
ასათიანის ქუჩის სამუშაოები 2015 წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით დაიწყო. სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანია SMK არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი. კომპანია სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად წვიმიან ამინდებს ასახელებდა.
რაც შეეხება სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" მიერ ჩატარებული სამუშაოებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. წინასწარი ინფორმაციით, "სპეციალურმა სერვისებმა", რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა. საკითხთან დაკავშირებით ძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა შედეგები ცნობილი ჯერ არ გამხდარა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















