|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული 30 მუშა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მუშებმა და მათმა ოჯახის წევრებმა დღეს ავტოქარხანაში აქცია გამართეს.

მათი თქმით, ბაღის მშენებლობა 8 თვის წინ დაასრულეს, ხელფასები კი კომპანიისგან ამ დრომდე არ მიუღიათ.

"8 თვეზე მეტი ვიმუშავე ბაღის მშენებლობაზე, თუმცა ხელფასი არ მიმიღია. არ ვიცი, ვის მივმართო და დახმარება ვის ვთხოვო. პროკურატურაშიც შევიტანეთ განცხადება, მაგრამ უშედეგოდ. 30 ადამიანი 8 თვეა ხელფასს ველოდებით,"- აცხადებს ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული გოჩა მებუკე.

2015 წელს ავტოქარხანაში ახალი ბაღის მშენებლობისთვის ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ "ჯი-აი-თი 2007" გაიმარჯვა. გამარჯვებულმა სამუშაო 494 000 ლარად შეასრულა.  საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ "ლინიმ" შეასრულა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ თანხა მერიისგან ჩამორიცხულია, თუმცა მიღების პრობლემა იმ კომპანიისგან აქვთ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. საერთო დავალიანება 28 000 ლარს შეადგენს.

მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ, ხელისუფლება კი მათ დახმარებას არ ცდილობს. მათ მიმართეს "საიას" და პროკურატურას. ასევე დახმარება სთხოვეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას. ორგანიზაციის წევრები დღეს აქციას შეუერთდნენ და ხელისუფლებას დაზარალებულების დახმარებისაკენ მოუწოდეს.

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი