"დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახი მერიის თანამშრომლებმა მოინახულეს
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ელისო ქაროსანიძემ ქუთაისში, დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად, დედისა და დის გარეშე დარჩენილი ანა ჯინჭარაძე მოინახულეს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ანა ჯინჭარაძეს სახლში ესტუმრნენ, ანაობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ტრაგედია, რომელმაც ანა ჯინჭარაძე დედისა და უფროსი დის გარეშე დატოვა, 2009 წლის დეკემბერში მოხდა. ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის დემონტაჟი ადგილზე პარლამენტის შენობის ასაშენებლად განხორციელდა.
ანა ჯინჭარაძეს მამიდა და მამა ზრდის. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ოჯახის მდგომარეობას გაეცნო და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ხოლო ა(ა)იპ ქ. ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ელისო ქაროსანიძემ ანა ჯინჭარაძეს გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებულ ხელოვნების სკოლებში მისთვის სასურველი მიმართულებით უფასოდ სწავლა შესთავაზა.
„იცოდეთ, რომ გვახსოვხართ და თუ რაიმე დახმარება დაგჭირდათ, თქვენს გვერდით ვართ,“ - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
„2009 წელს მომხდარი შემთხვევა და მემორიალის აფეთქებისას დედა-შვილის დაღუპვა იყო და დღემდე რჩება ჩვენი და ჩვენი ქალაქის ტრაგედიად. არ შეიძლება ამ ოჯახის დაღუპული წევრებისა და პატარა ანა ჯინჭარაძის დავიწყება, რომელმაც იმ ავბედით დღეს დედა და და დაკარგა. ადგილობრივი თვითმმართველობა შესაძლებლობის ფარგლებში მხარში დაუდგება ამ ოჯახს და მე, როგორც კულტურულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველს, მსურს ანა ჯინჭარაძეს ჩვენს ფილიალებში მისთვის სასურველი მიმართულებით სრულიად უფასოდ სწავლა და დამატებითი განათლების მიღება შევთავაზო,“ - განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.
ავტორი: ნიუპრესი