ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას კომპანია „აი გრუპი“ ააშენებს
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „აი გრუპს“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „აი გრუპს“, აგრეთვე კომპანია „აი გრუპსა“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის.
ღონისძიებას ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ. მემორანდუმის გაფორმებას ასევე დაესწრო საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იანჩი.
პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი" ქუთაისში 100 ჰექტარ ტერიტორიაზე 24 თვეში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვეში კი არანაკლებ 5 000 ელექტრომობილისა დამზადდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ხაზი გაუსვა საქართველოში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების მნიშვნელობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასაც გულისხმობს, ამაში კი ახალი ქარხნის პროდუქცია თავის წვლილს შეიტანს.
ეკონომიკის მინისტრმა პროექტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ქარხნის ასაშენებლად საქართველოს შერჩევისთვის. „რეგიონში სხვა ოფციებიც არსებობდა, მაგრამ მათთვის ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მიმზიდველი სწორედ საქართველოა. დიდი მადლობა „აი გრუპს“, რომ გვეხმარება მწვანე ეკონომიკის მშენებლობაში და ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში გამოჩნდება ახალი, ლამაზი, დახვეწილი, ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
"რუსთავი 2"-მა გაარკვია, კომპანიის უკან, რომელიც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანას რუსული კომპანია დგას. კომპანია „აი გრუპი“, რომელთანაც დღეს სახელმწიფომ მემორანდუმი დღეს გააფორმა, რუსულ-უზბეკური კომპანიის შვილობილი კომპანიაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პრობლემას ვერ ხედავს და მისთვის ყველა კომპანიაა მნიშვნელოვანია, რომელიც საქართველოში პროექტებს განახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















