|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცნობილ ექიმს, ბადრი ალფაიძეს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პრაქტიკა დროებით შეუჩერა

ქუთაისში ცნობილ ექიმს, ბადრი ალფაიძეს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პრაქტიკა 2 თვით შეუჩერა. 

სამინისტომ მიერ 8 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების  მიზეზი სამი წლის წინ კლინიკაში "ლ.ჯ."  მის მიერ ჩატარებული ოპერაცია გახდა.  ნინო კუპრაშვილი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს,  ვისაც ბრალი მიუძღვის ამ საქმეში.  მისივე თქმით, იგი გახდა შრომისუუნარო და მიადგა დიდი ფინანსური ზარალი.

პაციენტი ნინო კუპრაშვილის ინფორმაციით, მას 2015 წელს ბადრი ალფაიძემ ფარისებრ ჯირკვალზე ჩაუტარა ოპერაცია, თუმცა მოგვიანებით, მას მეორე ოპერაცია დაჭირდა. მისი განცხადებით, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ამიტომ წავიდა თბილისში კონტროლზე. იქ უთხრეს, რომ მას ჭირდებოდა ოპერაცია, ვინაიდან კვანძები არ იყო ბოლომდე ამოღებული.  ნინო კუპრაშვილმა კვლავ მიმართა ბადრი ალფაიძეს და თბილისის დასკვნა აჩვენა. მისი თქმით, ბადრი ალფაიძემ მას უთხრა, რომ არ ჭირდებოდა ოპერაცია. კამათს შეესწრო კლინიკის დირექტორის ზაზა ლომინაძე, რომელმაც ნინო კუპრაშვილს ტომოგრაფიის გადაღება ურჩია, რის შემდეგაც დადასტურდა კვანძების არსებობა. 

"არ აღიარებს თავის შეცდომას და პირიქით,  შეტევაზე გადმოდიოდა. ამბობდა, რომ სხვა ექიმები ცდებოდნენ და კვანძები კი არა, ხმის იოგები იყო, რაც არ იყო მართალი.  მისი წარუმატებელი ოპერაციის გამო მესამე ოპერაცია გავიკეთე და ახლა შედარებით უკეთ ვარ, თუმცა მის გამო ჯანმრთელობა შემერყა.  ვაპირებ ბოლომდე ვიბრძლო და არ გამოვრიცხავ სასამართლომდეც მივიდე", -განაცხადა ნინო კუპრაშვილმა. 

ადვოკატი აცხადებს, რომ დაზარალებულს ჩაუტარდება ალტერნატიული ექსპერტიზა და უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

კლინიკა "მედიკალ სიტის" ინფორმაციით, სადაც ბადრი ალფაიძე ამჟამად მუშობს,  ექიმი სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე კი კომენტარზე უარს აცხადებს.

 

 ბადრი ალფაიძე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, ის უმაღლესი კატეგორიის ქირურგია,  აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი. არის ღირსების ორდენის კავალერი და ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი