ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს წინ სასტუმროს მშენებლობა იწყება
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე სკვერში მშენებლობა იწყება. კომპანიამ "ახალი დეველოპმენტი" სკვერში საინფორმაციო დაფა განათავსა.
მიწის ნაკვეთი კომპანიამ 2017 წელს შეიძინა, ამავე წელს არის აღნიშნული კომპანია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ოთხსართულიანი, სამვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებაზე ნებართვა მერიის არქიტექტურის ურბანული დაგეგმარების და ძეგლთა დაცვის სამსახურმა გასცა. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ აღნიშნული მონაკვეთი 2008 წელს მიწის ნაკვეთად დარეგისტრირდა და მას სკვერის სტატუსი არ აქვს.
"2008 წელს დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთად და აუქციონის წესით 2017 წელს გასხვისდა. მას არ აქვს სკვერის სტატუსი, სკვერი არის მიმდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც ატრაქციონებია და მასზე არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. ადრე ამ ადგილზე სკოლა იყო განთავსებული, დაინგრა და მერე დარჩა ამ მდგომარეობაში. მფლობელმა ტერიტორია გარკვეული პირობებით შეიძინა. მასზე 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს", -განმარტა ზაზა ჩხიკვაძემ.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით, პროექტის შესწავლა მიმდინარეობს და ნებართვა მის შემდეგ გაიცემა. პროექტით, სამი სრული და ერთი ტერასული სართული შენდება. პროექტის ავტორია კომპანია "109 გრადუსი".
არსებული მიწის ნაკვეთი ქუთაისის ძველ უბანში მდებარეობს, სადაც მშენებლობაზე გარკვეული კრიტერიუმები მოქმედებს, გარდა ამისა, მის მიმდებარედ არის სააპელაციო სასამართლო, რომლის მთავარი ფასადი მშენებლობის შედეგად დაიფარება. ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, მათ იზრუნეს, რომ სართულების რაოდენობა შემცირებულიყო და ქალაქის მნიშვნელოვანი შენობა, სააპელაციო სასამართლო არ დამახინჯებულიყო.
სკვერის მიმდებარედ მშენებლობას მოსახლეობა 2017 წელს აპროტესტებდა. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთადერთი სკვერია მათთვის და მშენებლობით ბავშვებს სათამაშო ადგილი აღარ ექნებოდათ. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი პროტესტი, ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ მოქალაქეებს სიახლეების მიმართ გარკვეული შეუგუებლობა აქვთ, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიას თავის მხრივ ვალდებულები აქვს შესასრულებელი.
მერიის ინფორმაციით, მშენებლობაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც გასცა.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი მთავარი დაპირება სკვერში და რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის აკრძალვა იყო. ამ დაპირების ფარგლებში, შეჩერდა მშენებლობა ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსების ეზოში, თუმცა ამ შემთხვევაში მერიამ ტერიტორიის სამშენებლო მომზადებაზე თანხმობა გასცა.
სკვერში განთავსებულია ბორის გაპონოვის მემორიალური დაფა. გაპონოვმა"ვეფხისტყაოსანი" ივრითულ ენაზე თარგმნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















