|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორი ადამიანი დაიხრჩო ამ არხში და დღემდე მოუწესრიგებელია"

ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლების მცხოვრებლები არხზე ჯებირების გაკეთებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, წლებია არხი ჯებირების გარეშეა, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივი შორენა ლაღაძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, რომ არხი, რომელიც დასახლებას კვეთს, საფრთხეს წარმოადგენს.

"წლებია არხი ქალაქის დასახლებულ ნაწილში მოაჯირების გარეშეა. შეიძლება მოზარდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ საშიშია ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად თამაშობენ მიმდებარე ტერიტორიაზე.  გამსახურდიას ქუჩა მაისურაძის ქუჩას ხიდით უერთდება, რომელის ამ არხზე გადის, ამ ხიდსაც არ აქვს მოაჯირი, ხშირად გადამყავს ეტლით ბავშვი და ყოველთვის უსამოვნო განცდა მეუფლება. შეიძლება დიდი ადამიანი არ გადავარდეს, მაგრამ ნასვამი ადამიანისთვის საფრთხის შემცველია. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიხრჩო ამ არხში და დღემდე მოუწესრიგებელია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ მონაკვეთს ჯებირები გაუკეთდება", -განაცხადა შორენა ლაღაძემ, რომლის თქმითაც, სავარაუდოდ, არხს კანალიზაციაც უერთდება.

"კანალიზაციის მილებიც არის მგონი ზედ დაერთებული, რაც ცალკე პრობლემაა, ამასთან არხი ზოგჯერ ისე მოდიდებულია ნაპირს ცდება და გადმოდის, მივმართავთ შესაბამის უწყებას, მოახდინონ რეაგირება"-განაცხადა შორენა ლაღაძემ.

ადგილობრივების თქმით, წლების წინ არხში მცირეწლოვანი ჩავარდა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, უფრო ადრე კი ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ არხების ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მელიორაციის სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტოში განმარტავენ, რომ არხებზე ჯებირები არ კეთდება, თუმცა მოსახლეობის წერილობით მიმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია, დასახლებულ პუნქტში გარკვეულ ნაწილში მოხდეს ჯებირის გაკეთება, ასევე ხიდზე მოაჯირის მონტაჟი. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამისათვის აუცილებელია მოსახლეობის წერილობით მიმართვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა