|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საშიში წიგნები" და მოსალოდნელი საფრთხის გამო ჩაშლილი კონკურსი ქუთაისში

ფრედერიკ ბეგბედერის ნოველების კრებული "კაიფში დაწერილი ნოველები" ქუთაისში "წიგნიერის" კონკურსის ჩაშლის საფუძველი გახდა. ესეების კონკურსი დაანონსებული 5 ქალაქის ნაცვლად 4 ქალაქში გაიმართა.

ქუთაისში კონკურსის ჩაშლის მიზეზით გამოცემა "ბათუმელები" დაინტერესდა, როდესაც ქუთაისელი მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობის  მისაღებად ბათუმში ჩავიდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ქუთაისში კონკურსის ჩატარების შემთხვევაში პროექტის ხელმძღვანელებს საზოგადოებისა და სასულიერო პირების პროტესტი ელოდათ. როგორც გამოცემა ვარაუდობს, ქუთაისში კონკურსის ჩაშლის მიზეზი სწორედ მოსალოდნელი დაძაბულობა გახდა. იმის გასარკვევად რამდენად ქონდა ადგილობრივ მედიას ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთის შესახებ, გამოცემა "ნიუპრესს" დაუკავშირდა.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ კონკურსი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტია და მათ მხოლოდ დარბაზის დათმობა ევალებოდათ, ამიტომ მათ მიერ ღონისძიების შესახებ ადგილობრივი მედიის ინფორმირება არ მომხდარა. რაც შეეხება ფაქტს, რაც შემდეგ  კონკურსის გასამართი ქალაქების სიიდან ქუთაისის ამოვარდნას უკავშირდება,  ქუთაისის ილ.ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერობის განყოფილების ხელმძღვანელი ციცი ჯინჯიხაძე განმარტავს,  კონკურსით გათვალისწინებული წიგნებიდან, რომლის შესახებაც მოსწავლეებს ესე უნდა დაეწერათ,  ერთ-ერთი  მშობლებისა და მასწავლებლებისათვის მიუღებელი გახდა. 

"ეს პროექტი არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ჩვენ საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზი დავუთმეთ მათ. ჩვენ არც თემატიკას ვსაზღვრავთ და არც მსურველთა დარეგისტრირება ხდება ჩვენთან. მშობლების უკმაყოფილება მოყვა საკონკურსო ნაწარმოებს, კონკრეტულად ბეგბედერის ნოველებს. რამდენიმე  მშობელმა განაცხადა რომ მათ შვილებს ასაკის გამო ან ნაწარმოების წაკითხვის ნებას არ მისცემდნენ. ჩვენ წერილობით ვერ მოგვმართავდნენ, რადგან ეს ჩვენი ღონისძიება არ იყო, ამიტომ გადავამისამართეთ პროექტის ავტორებთან", - განაცხადა ციცი ჯინჯიხაძემ.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში არ საუბრობენ პროტესტის ავტორთა ვინაობის შესახებ, აცხადებენ, რომ მათ ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვთ. თუმცა აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა.  

 უცნობია ასევე ის, თუ რამდენად რეალური იყო ქუთაისში საზოგადოებრივი პროტესტის მოლოდინი. როგორც კონკურსის ხელმძღვანელები აცხადებენ, მათ ურთიერთობა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ქონდათ და ინფორმაციაც მოსალოდნელი მღელვარების შესახებ მათგან მიიღეს. 

"ქუთაისში ვერ გვაძლევდნენ გარანტიას, რომ ჩვენი ჩასვლის შემთხვევაში იქ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, ახსენებდნენ დემონსტრაციას, ტრანსფარანტებს, ტელევიზიებს და ა.შ. სკანდალისა და მოსწავლეებისთვის სტრესულ გარემოში მუშაობის აცილების მიზნით ქუთაისში კონკურსის ჩატარებაზე უარი ვთქვით.  ნარკომანია ჩვენი საზოგადოების უმძიმესი პრობლემაა. წლევანდელი კონკურსის მიზანიც სწორედ ამ პრობლემის ახალგაზრდებთან ერთად კიდევ ერთხელ გააზრება იყო. სამწუხაროდ, ქუთაისში კონკურსი „წიგნიერი“ წელს ჩაიშალა. თუმცა ქუთაისელ მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ჩვენ შევთავაზეთ ჩამოსულიყვნენ თბილისში, ან სხვა ქალაქებში. მათგან რამდენიმე ჩავიდა კიდეც ბათუმში", -განაცხადა კონკურსის ორგანიზატორმა ელენე თურქაძემ. 

ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი" წელს მეხუთედ ჩატარდა. კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა ევალებოდათ. პირველ ჯერზე გავრცელებული ინფორმაციით, წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები იყო შერჩეული. ესენია: ფრედერიკ ბეგბედერის "ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები", რადეკ იონის "Memento" და ზურა ჯიშკარიანის "საღეჭი განთიადები უშაქროდ". კონკურსის მონაწილეებს ამ ნაწარმოებების წინასწარ  წაკითხვა ევალებოდათ, რაც შეეხება ესეს სათაურს, ეს კონკურის დღეს გახდებოდა ცნობილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშობლების პროტესტის მიზეზი სწორედ ფრედერიკ ბეგბედერის ნოველები აღმოჩნდა. 

კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლის "საბას" და "თიბისის"  მხარდაჭერით ერთდროულად გაიმართა თბილისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში.  ქუთაისი წელს ამ ქალაქების ჩამონათვალიდან ამოვარდა. მასში, როგორც აღვნიშნეთ ქუთაისელმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მათ ბათუმში მოუხდათ ჩასვლა. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა