|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრები დევნილები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

ქუთაისში, ჭონქაძის #52-ში  მდებარე დევნილთა დასახლების მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. მათი თქმით, ვერ ახერხებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პუნქტებამდე მისვლას, რომლებიც დასახლებიდან 2 კილომეტრის მოშორებით არის.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ტრანსპორტის დანიშვნის თხოვნაზე ქუთაისის მერიისგან უარი მიიღეს.

პრობლემას ეხმიანება "ახალგაზრდული პოლიტიკური ცენტრი –გირჩი", ცენტრის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი. ის  მერიისგან იმ მიზეზის დასახელებას მოითხოვს, რის გამოც მოსახლეობას უარი ეთქვა.

"დაასახელოს მერიამ არგუმენტი და მიზეზი, თუ რატომ არ ეხმარება ამ ადამიანებს და რატომ არ ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა მის ფუნქციას? კიდევ ერთხელ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, შეისწავლოს ამ ადამიანთა მოთხოვნები და საჭიროებები",- აცხადებს თემურ ცამციშვილი.

მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლოებამ ტრანსპორტის სამსახურს წერილობით მიმართა და მათი მოთხოვნა  უპასუხოდ არ დაუტოვებიათ, თუმცა თვლიან, რომ მსგავსი თემებით პოლიტიკური პარტიები ქულებს არ უნდა იწერდნენ. 

"ქუთაისის მერიას მიმართა წერილობით ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლებმა. ჩვენ მათი განცხადება უპასუხოდ და რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია და ზედმეტად მიმაჩნია ასეთ თემებს პოლიტიკური პარტიები ქულებად იწერდნენ.  ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე ახალი სამარშრუტო ხაზის დანიშვნა, მისი არარენტაბელობის გამო, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. ხოლო არსებული სამარშრუტო სვლაგეზები (მაგ. №35 მარშრუტი) ვერ შეიცვლება, ვინაიდან ისინი კერძო გადამზიდავ კომპანიებზე არის გადაცემული, 2019 წლამდე მოქმედი ნებართვებით. ამასთან განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ განხილული იქნება საკითხი, არსებული M1 კატეგორიის ტრანსპორტით, ჭონქაძის ქუჩის მომსახურების შესახებ, კერძოდ: №101 მარშრუტის (წითელი ხიდი - ვაჟა-ფშაველას ქუჩა) სვლაგეზის მოდერნიზება-დაგრძელების თაობაზე ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან, ნიკოლაძის ქუჩის გავლით, ჭონქაძის ქუჩის ბოლომდე",–აცხადებს ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი