ქუთაისში მოქალაქემ "საქართველოს ბანკთან" შიმშილობა დაიწყო
ქუთაისში მცხოვრები ოთარ ხმელიძე "საქართველოს ბანკის" წინ შიმშილობას იწყებს. ის ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც ხმელიძე აცხადებს, 45 დღიან ვადაგადაცილებაში ბანკმა 17 ათასი ლარი 40 ათას ლარამდე გაუზარდა. ოთარ ხმელიძემ აღნიშნული ფაქტი რამდენიმე კვირის წინ გააპროტესტა. რასაც ბანკი მიერ რიგ დათმობაზე წასვლა მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა.
"მოვითხოვ, ჩამომაჭრან გაორმაგებულად დარიცხული პროცენტები. არ ვამბობ, რომ არ გადავიხდი, რა თქმა უნდა, გადავიხდი, ოღონდ, არა კაბალურად დაწერილ თანხას. პირველი აქციის შემდეგ შეაჩერეს აუქციონი, ახლა მსგავს კაბალურ ხელშეკრულებაზე მთხოვენ ხელის მოწერას, რასაც ხელს არ მოვაწერ, ვიდრე არ ჩამოაჭრიან უკანონოდ დაწერილ პროცენტებს. შიმშილობას მანამ გავაგრძელებ, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნიებებს",-აცხადებს ხმელიძე.
მომხდარს ოთარ ხმელიძესთან ერთად "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია და იპოთეკით დაზარალებულები აპროტესტებდნენ. წულაიას თქმით, საქართველოში სამარცხვინო საბანკო სისტემაა. წულაია ხმელიძეების ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.
ოთარ ხმელიძეს ბანკიდან იპოთეკით 17 ათასი ლარი ქონდა გამოტანილი, რომელსაც მისი თქმით, დარღვევებით, მაგრამ ჯარიმების დამატებით იხდიდა. მისივე განცხადებით, ბოლოს შეტანილი თანხა არ დაუფიქსირეს და 45 დღიან ვადაგადაცილებაში 40 ათასი ლარი დააკისრეს. აღნიშნულის შემდეგ "საქართველოს ბანკმა" ხმელიძის სახლი აუქციონზე გაიტანა. ხმელიძე დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალი კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















