ქუთაისში მოსახლეობა აღმაშენებლის გამზირის გადაკეტვით იმუქრება
ქუთაისში, ომარ ფხაკაძის ქუჩას კვირაზე მეტია, წყალი არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მოსახლეობამ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, გოგი წულაისთან ერთად აქცია გამართა. მათი თქმით, თურქულმა კომპანიამ ფხაკაძის ქუჩაზე წყლის მილები გამოცვალა, რის შემდეგაც სამუშაოები მიატოვა. ახალი მილები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმაშენებლის გამზირის გადაკეტვით იმუქრება.
"კვირაზე მეტია, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. წყალკანალში განმარტავენ, რომ თურქულ კომპანიას მიმართონ. კომპანია დაპირებებს იძლევა, თუმცა უშედეგოდ. მერია, როგორც ყოველთვის, დუმს, არ ვიცი, ასეთი რამ სხვაგან თუ ხდება. ეს არის კატასტროფა და როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ მწვალებელი კომპანიის ჯოჯოხეთური ქმედება? მივმართავ მერიას, კეთილი ინებონ და კომპანიას მოთხოვონ დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობასთან ერთად გზას გადავკეტავთ და მასშტაბურ აქციებს დავიწყებთ",-განაცხადა წულაიამ.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ტურძელაძე. როგორც მან"ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, პრობლემა ძველი მილების გამო შეიქმნა. "ვინაიდან, ძველი მილებია, არ ხერხდება შეკეთება და სრულად გამოცვლა არის საჭირო, ამიტომ მოხდა რამდენიმე დღით წყლის შეწყვეტა. კომპანიაში დაგვპირდნენ, რომ მოსახლეობას წყალი დღეს საღამოს მიეწოდება და ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად მოხდება დაპირების შესრულება"-განაცხადა ირაკლი ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, თურქული კომპანიის smk საქმიანობა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი.ლ
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















