ქუთაისში პროტესტის მიზეზი კიდევ ერთი მშენებლობა ხდება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის პროტესტის მიზეზი კიდევ ერთი მშენებლობა ხდება. პარტიის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განმარტებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა პროკურატურისთვის შენდება. მშენებლობის გამო კი წულაია მერიას პროკურატურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მომხდარს კი ტრაგედიად აფასებს.
წულაიას შენიშვნები მშენებლობის ხარისხთანაც აქვს. მისი თქმით, მშენებლობის გამო უკვე დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა.
„მშენებლობის გამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი-ერთი საცხოვრებელი სახლის და უნივერსიტეტის კედელი ჩამოინგრა. როგორც გავიგე, ის შენობა პროკურატურისთვის შენდება, რაშიც ხელს უწყობს მერია და ეს არის ტრაგედია. ამასთან მშენებლობა ისე დაიწყეს, არავის აზრი უკითხავთ, რაც არის დანაშაული,“–განაცხადა წულაიამ.
წულაიას კომპეტენტურობას უწუნებს ქუთაისის მერია, სადაც განმარტავენ, რომ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და რომ კერძო მესაკუთრე მერიის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ნებართვას ელოდება.
თვითმმართველობიდან მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე კერძო სახლი იყო, რომელიც მესაკუთრემ დაანგრია და მშენებლობის ნებართვისათვის მერიაში შეიტანა განცხადება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















