|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საშუალოვადიანი სტრატეგიის - „ქუთაისი 2021“-ის განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისში ქალაქის საშუალოვადიანი სტრატეგიის - „ქუთაისი 2021“-ის განხილვა იმართება.

 ქუთაისის  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ქალაქის საშუალოვადიან სტრატეგიას - „ქუთაისი 2021“  განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს აცნებენ.

 სტრატეგია ქალაქის მთავრობამ შეიმუშავა და ის საკრებულომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაამტკიცა.  „ქუთაისი 2021“ შვიდ სტრატეგიულ მიზანს და 10 სტრატეგიულ პროგრამას მოიცავს. მათ შორისაა განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება, რისთვისაც ქალაქის მთავრობა სპეციალურ პროგრამებს განახორციელებს.

განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ქალაქის თვითმმართველობა განახორციელებს პროექტს - „ქუთაისი - განათლებისა და ცოდნის ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება; თანემედროვე სტანდარტების ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ლაბორატორიების განვითარება, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა.

დაგეგმილია, ასევე, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შექმნა.

ქალაქის მთავრობის ინიციატივით, იგეგმება ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონის აღდგენა, შეიქმნება საზაფხულო სკოლები.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის პოზიციის გაძლიერებას.

 ქუთაისის მერიის კიდევ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქალაქის, როგორც კულტურისა და სპორტის რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობის გაზრდა. ამისათვის ქალაქის ხელისუფლება ორ სპეციალურ პროგრამას - „ქუთაისი - კულტურის ქალაქი“ და „სპორტი ქუთაისში“ განახორციელებს. პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ქუთაისის კულტურის სტრატეგიის შემუშავება და კულტურის განვითარების რეგიონული ჯგუფის შექმნა. ქალაქის მთავრობა გეგმავს, შეიმუშაოს 2 კონცეფცია - ძველი ქუთაისის განვითარების კონცეფცია და კონცეფცია - „ქუთაისი - ფესტივალების ქალაქი“.

დაგეგმილია, ასევე, ქუთაისის მუზეუმების შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც სამხატვრო გალერეას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და შეიქმნება არგონავტიკის მუზეუმი.

ქალაქის ხელისუფლების ინიციატივით, მოეწყობა კინოთეატრები ღია ცის ქვეშ, აგრეთვე, დაგეგმილია საკონცერტო დარბაზისა და ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. ქუთაისის მერია, კულტურის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებს ღონისძიებების წლიურ კალენდარს და პოპულარიზაციას გაუწევს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 იმისათვის, რომ ქუთაისმა სპორტის რეგიონული ცენტრის სტატუსი დაიმკვიდროს, დაგეგმილია სპორტის სერვისების გაუმჯობესება. ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით, შეიქმნება მწვრთნელების, სპორტული მენეჯერების, სპორტის ეკონომიკის, ანიმატორებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორების მოსამზადებელი კურსები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფუნქციური საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის: 3 სარაგბო/საფეხბურთო სტადიონის, სპორტის სასახლის, საცურაო აუზისა და საუბნო სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-მშენებლობა. ეს შესაძლებელს გახდის ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩატარებას როგორც საქართველოს ქალაქებს, ისე მათ პარტნიორ ქალაქებს შორის; ქუთაისის მერია, ასევე, გეგმავს ტრადიციული და შედეგიანი სახეობების მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებას, მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის მუდმივ განახლებას. აღნიშნული პროგრამის განხორციელებით იმერეთის რეგიონში სპორტით დაკავებული მოქალაქეები შეძლებენ, სრულყოფილი სერვისი მიიღონ ქუთაისში. სტრატეგიით გათვალისწინებული პროექტებისა და პროგრამების განხილვას ქუთაისის მერია სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც გეგმავს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა მოქალაქეებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს ქალაქის ხელისუფლება ქუთაისის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებას და რა მიმართულებითაა მომავალში ქალაქის განვითარება დაგეგმილი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა