ქართველი და პოლონელი მხატვრების გამოფენა ქუთაისში, ღია ცის ქვეშ გაიმართება
ქუთაისში, 7 ოქტომბერს, ქართველი და პოლონელი მხატვრების გამოფენა ღია ცის ქვეშ გაიმართება. პოლონელ მხატვრები ქალაქში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ და 8 ოქტომბრამდე დარჩებიან. პროექტში, რომელიც ერთობლივ პლენერს გულისხმობს, ხუთი ქართველი და ხუთი პოლონელი მხატვარი მონაწილეობს.
სტუმართა მხრიდან ჯგუფის ორგანიზატორი, პოლონეთის მხატვართა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ტომაშ ავჯეიჩიკი.(მხატვარი, ფერმწერი); სტანისლავ ტახი, ქ. ოლკუშის გალერეის დირექტორი მეუღლით - ანა ტახი (მხატვარი); ბრიჯიდ ლისკევიჩი, კერამიკოსი, მხატვარი, ქ. ბარლინეკის კულტურის ცენტრის დირექტორი მეუღლესთან იან ლისკევიჩთან ერთად.
ქართველი მხატვრებიდან - თემურ თადუმაძე, თემურ ხარაბაძე, მამუკა ტყეშელაშვილი, ირაკლი ჩოგოვაძე, გოჩა ჩხაიძე და ზურაბ ფაღავა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი მუშაობა პლენერზე, მასტერკლასები ა(ა)იპ გაერთიანების ფილიალის, გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან, ექსკურსიები. 7 ოქტომბერს გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრები კაკაბაძის სახელობის გალერეის ფონდში დარჩება.
პლენერის მონაწილეები დღეს ქუთაისის მერის მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პოლონელი მხატვრების ქუთაისში ვიზიტი პროექტ "მეგობრობის არტ-ფაქტი"-ს ფარგლებში ხორციელდება. პროექტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ორგანიზებით ტარდება.

ავტორი: ნიუპრესი




16:05
15:09
15:08
13:18
15:43
















