ქუთაისში რუსეთის სარაგბო გუნდის ჩამოყვანას "ევროპა ჩვენი სახლია" აპროტესტებს
ქუთაისში რუსეთის სარაგბო გუნდის ჩამოყვანას არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომდგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ქართული მხარის მიერ ლოიალური პოლიტიკის ტენდენცია გრძელდება და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების შემდეგ კამპანიაში სპორტსმენები ჩაერთნენ.
"ქუთაისში სარაგბო კლუბ "აია-არენაზე" ჩამოიყვანეს და დააბინავეს რუსეთი სარაგბო გუნდი. ეს არის ტენდენციის გაგრძელება, რომლითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ რუსეთი კარგია, იმ დროს, როდესაც გრძელდება ქვეყნის ოკუპაცია, როდესაც ადამიანებს იტაცებენ ე.წ. საზღვრიდან, კულტურით დაიწყო ეს კამპანია, ჩამოიყვანეს მომღერლები, მსახიობები, შემდეგ ჩვენი მაღალჩინოსნები წავიდნენ მოსკოვში, ბოლოს კი სპორტსმენები ჩამოიყვანეს. ამხანაგური მატჩი გამართეს იმ დღეს, როდესაც ოკუპანტებმა მამაო გაიტაცეს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზეზს, პატრიოტიზმი ჩაახშონ ადამიანებში. ამით ცდილობენ ამტკიცონ, რომ არსებობს ორი, კარგი და ცუდი რუსეთი, ეს ყველაფერი მიუღებელი და დანაშაულია", -აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გოქაძე.
მისი თქმით, რაც ხდება, არის რაგბის ფედერაციის, ქალაქის მერის და იმერეთის გენერალი გუბერნატორის დანაშაული, რადგან მისი თქმით, მათ ექნებოდათ ინფორმაცია ამის შესახებ და რეაგირება არ მოახდინეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში ქუთაისში ოთხი რუსული კლუბის ჩამოყვანა აქვთ დაგეგმილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















