|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ბრალდებებს უყენებს ტენდერში გამარჯვებული მეწარმე ქუთაისის მერიას? [AUDIO]

ქუთაისის მერიასა და ინდმეწარმეს შორის არსებული დავის გამო მუშებმა ანაზღაურება ვერ მიიღეს. ქალაქის თვითმმართველობამ საახალწლო განათებების მომწყობ კომპანიას შესრულებული სამუშაოები დაუწუნა. ამის გამო მერიამ ტენდერით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, ამასთანავე, კომპანიისაგან ჯარიმის გადახდასაც მოითხოვა. 

 ქუთაისის მერიასა და კომპანიის შორის არსებულმა  დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. როგორც  ი.მ. კობა ჯღარკავა „ნიუპრესთან“  საუბარში აცხადებს, მას  მერიისგან თანხა არ მიუღია, ამასთანავე, ჯარიმის სახით სოლიდურ თანხას თხოვენ. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას პრეტენზიები და ახალი მოთხოვნები ახალი წლის შემდეგ გაუჩნდა.   

„შესრულებული სამუშაოებისთვის მერიამ ერთი თეთრიც  არ გადაგვიხადა. მეტიც, დაახლოებით 38 ათასი ლარის გადახდას აქეთ გვავალდებულებს.  ჩვენ მერიის ყველა მოთხოვნა  შევასრულეთ - 3 დღე და ღამე მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებსაც თანხაც კი ვერ გადავუხადე.

მერია მთხოვს,  წარმოვადგინო  სერთიფიკატი, რომ განათებები ჩინური  კომპანიიდან შევისყიდე.  ამის დოკუმენტაცია არ მაქვს, ვინაიდან  მომწოდებელმა დააგვიანა პროდუქციის ჩამოტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ვაცნობე. ვუთხარი, რომ კომპანია ვერ ასწრებს  პროდუქციის მოწოდებას და  ჩავშალოთ ტენდერი-მეთქი. სამსახურის წარმომადგენლებმა განმიცხადეს, რომ პრობლემა არ იყო, მთავარია, გაგვენათებინა ქუთაისი. ახლა კი სხვადასხვა ულტიმატუმები წამომიყენეს. სასამართლოზე გაირკვევა, ვინ არის მართალი და ვინ არა“,- განაცხადა კობა ჯღარკავამ.

 

 

ი.მ. კობა ჯღარკავას განცხადებით, ქუთაისის საახალწლო განათებას ის 2012 წლიდან ახორციელებს და დაახლოებით მილიონი ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული.

ქუთაისის მერიამ თავისი პოზიცია განცხადებით დააფიქსირა.  მერიის განმარტებით, სამუშაოები უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულდა, რამაც საზოგადოების ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია.

„მერიაც გამოთქვამს პრეტენზიებს კომპანიის მიმართ, განსაკუთრებით ფალიაშვილისა და ცისფერყანწელთა ქუჩებზე, ასევე „თეთრი ხიდის“ ტერიტორიაზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო. გამომდინარე აქედან, თვითმმართველობა კონტრაქტორის დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა.

განცხადების შემდეგ კომპანიამ  საახალწლო განათებები არ ჩამოხსნა, რის შემდეგაც მერიამ სასამართლოში უჩივლა. თუ როდის განიხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო მერიისა და ინდ.მეწარმის დავას, ჯერჯერობით უცნობია.

საახალწლო განათებების ნაწილი მერიამ საკუთარი სახსრებით ჩამოხსნა, ნაწილი კი ამ დრომდე "ამშვენებს" ქუთაისის ქუჩებს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა