ქუთაისში საცურაო აუზის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა
ქუთაისში საცურაო აუზის კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დამტკიცებულია. საკითხი განსახილველად საკრებულოს სხდომაზე ააიპ "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო" უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ გამოიტანა.
მისი თქმით, ოლიმპიური აუზის იუსტიციის სახლისა და #35 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაში იყო და კომპლექსის მშენებლობისათვის 40 ათასი კვ.მ ტერიტორია ქალაქს გადმოეცა.
პროექტის ხარჯებით და თუ რა დაუჯდება ის ქალაქს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი მეშველიანი დაინტერესდა. ჩინჩალაძის განმარტებით, მხოლოდ პროექტირების ხარჯი ნახევარ მილიონ ლარამდე აღწევს, რაც შეეხება მშენებლობის ნაწილს, ამის განსაზღვა პროექტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განცხადებით, მთავარია ქალაქში ოლიმპიური სტანდარტები აუზის აშენება, ხარჯებს კი მოგვიანებით დათვლიან. "რა ხარჯიც იქნება საჭირო, იმ ხარჯს გაწევს მუნიციპალიტეტი", - განაცხადა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს. დოკუმენტაციის თანახმად, აუზის პროექტირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს. საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი უნდა იყოს. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















