ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
მიგდებული ქალაქი, ამომავალი ვარსკვლავი, ქვეწარმავალი დეპუტატი - ამ შინაარსის ტრანსფარენტებით ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ქალაქის მერს და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარ დეპუტატს ქუჩაზე არსებული პრობლემით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.
მათი მტკიცებით, წლების წინ გასხვისებულ და მიტოვებულ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ქვეწარმავლები ბინადრობენ.
"სხვადახვა სახის ცხოველი ბინადრობს აქ, არიან მღრღნელები და ქვეწარმავლები, საფრთხე გვექმება, ბავშვები თამაშობენ და გვეშინია. მოვუწოდებთ მერიას, მოძებნონ მეპატრონე და აიძულონ გაწმინდონ, თუ არა ჩამოართვან და იზრუნოს ქალაქმა", -აცხადებენ ადგილობრივები.
მათი თქმით, ობიექტი დაახლოებით 20 წლის წინ გასხვისდა და მას შემდეგ მიტოვებულია. აქციას მოძრაობა "ერთად სახლში" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ.
მათი თქმით, მართველი ძალა მოსახლეობის პრობლემით არ ინტერესდება და დაპირებებს მხოლოდ საარჩევნოდ გასცემენ.
"საარჩევნოდ მოვიდა მაჟორიტარი, დაპირდა მოსახლეობას, რომ პრობლემით დაინტერესდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ არ გამოჩენილა. მხარდაჭერას ვუცხადებთ მოსახლეობას და მოვითხოვთ მოგვარდეს პრობლემა, რომელიც წლებია, აწუხებს ადგილობრივებს", -აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.
ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ ობიექტი კერძო საკუთრებაა და მისი დასუფთავების არც უფლება და არც ვალდებება აქვთ. ასევე განმარტავენ, თუ მერია გარკვეულ დავალებას გასცემს, მოხდება ობიექტის დასუფთავება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















