"ქუთაისში სასმელი წყლის სისტემა საბოლოოდ მოწესრიგდება"
ქუთაისში, სასმელი წყლის სისტემა საბოლოოდ მოწესრიგდება და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით, - ამის შესახებ დღეს ქუთაისში წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადეს.
ქუთაისში, წყლის რეზერვუარის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც ასახული იყო იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის პირველი ფაზა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, ასევე გაეცნენ წყლის სინჯების აღების პროცესს.
როგორც შეხვედრაზე აინიშნა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
რაც შეეხება ქუთაისს, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი 2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქუთაისში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის მეორე ფაზა ხორციელდება. პროექტის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ მოწესრიგდება ქუთაისის სასმელი წყლის სისტემები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. ამასთან, ქალაქში დაგეგმილია წყალარინების სისტემების მოწესრიგება, რომლისთვისაც, ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო.

ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















