ქუთაისში სასტუმროების მენეჯერების გადამზადება მოხდება
ქუთაისში „სერვის პლუს ჯორჯიასა“ და „ინტენსიური განათლების ცენტრის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანს სასტუმროებში მომსახურეობის კულტურის ამაღლება, სტუმართან უკუკავშირის დამყარებისა და სასტუმროს თანამშრომელთა განვითარების გზების გაუმჯობესება წარმოადგენს.
პროექტი წარმატებით განხორციელებისთვის 6 კონკრეტულ ნაბიჯს მოიცავს.
პროგრამის ფარგლებში მოხდება სასტუმროს მენეჯერებისა და თანამშრომლების გადამზადება, ტრენინგები სასტუმრო მარკეტინგსა და პიარში, რესტორნის მენეჯერების გადამზადება და ასევე შეიქმნება მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში შემოსულ სტუმარს საშუალება ექნება მარტივად, საკომისიოს გარეშე დაჯავშნოს სასტუმროს ნომრები.
როგორც "სერვის პლუს ჯორჯიას" დამფუძნებელმა ხატია მათიკოშვილმა განაცხადა, პროექტის წამოწყება ქუთაისის სასტუმროებში არსებულმა მომსახურების პრობლემებმა განაპირობა.
„ქუთაისში მსგავსი პროგრამების განხორციელების სურვილი იმიტომ გაგვიჩნდა, რომ ხშირად ვხვდებოდით პრობლემებს მომსახურების სფეროში, განსაკუთრებით სასტუმროებსა და რესტორნებში. ჩვენ ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა და ინტენსიური განათლების ცენტრთან ერთად, ამ პროგრამის განხორციელება დავიწყეთ. პროგრამაში მაქსიმუმ 15 სასტუმრო იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც ხარისხისა და რეკომენდაციების მეშვეობით ავარჩევთ"- განაცხადა მათიკოშვილმა.
პროგრამის პრეზენტაცია, შესაძლოა, წყალტუბოშიც გაიმართოს. მენეჯერების ტრენინგები კი მომდევნო კვირიდან დაიწყება. პროექტის მხარდამჭერი ქუთაისის მერია გახდა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















