„ქუთაისში ტექნიკური მარილის ნაცვლად ქვიშა დაყარეს“
„ქუთაისში მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მიუხედავად ამისა, ქალაქის მერი სხვა განზომილებაში ცხოვრობს“,-ასე ეხმიანება შოთა მურღულიას განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“. ორგანიზაციის დამფუძნებლების განცხადებით, ქალაქში გზების გაწმენდა არ მომხდარა და გადაადგილება შეუძლებელია: „მაშინ, როდესაც მერია მთელი წლის განმავლობაში იძახდა, რომ ზამთარს ქალაქი მომზადებული ხვდებოდა, აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სრულიად სხვაა. ორი დღის წინ მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მერი გამოდის და აცხადებს, რომ მოხდა მთელი ქალაქის გაწმენდა და ტექნიკური მარილით სამჯერ დამუშავება. მისი განცხადების საპირისპიროს მეტყველებს ქუჩებში არსებული მდგომარეობა. არა თუ გარეუბნები, ცენტრალური ქუჩებიც კი არ გაწმენდილა. ერთადერთი, რაც მართლა დასუფთავდა, მერიის მიმდებარე ტერიტორიაა. გამოდის, რომ ის მხოლოდ მოედნის და ფალიაშვილის ქუჩის მერია. თუ ასეა, გვითხრან და სხვა უბნებიც მიხედავენ თავის საქმეს. ისიც საკითხავია, დაიყარა თუ არა რეალურად ტექნიკური მარილი. სავარაუდოდ, ქალაქი ქვიშით დამუშავდა, თუმცა მალე აღმოვაჩენთ, რომ ბიუეჯტში მარილის შესაძენად მაღალი თანხები იქნება გაწერილი“,-განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
შენიშვნები იყო მერიის მიერ შეძენილი რუსული წარმოების თოვლმწმენდების მისამართით. გია გოქაძის განცხადებით, მერიამ 2 კამაზის ტიპის ავტომობილში 270 000 ლარი გადაიხადა, მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო ამ ფასად გერმანული წარმოშობის 4 თოვლმწმენდის შეძენა. „ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულის პოზიციაში, მაგრამ ყველანი კარგად ვხედავთ, რაც ხდება. ქალაქში არავის უნახავს მოძრავი ტექნიკა, რომელიც ქუჩებს თოვლისგან ასუფთავებდა. აქვე აღსანიშნია, რომ 270 000 ლარად შეძენილია რუსული წარმოების ტექნიკა და რატომ არ მოხდა იგივე ფასად გაცილებით მეტი ტექნიკის შეძენა, ან რატომ მოხდა დაჩქარებულ ტემპში შეძენა ამ ავტომობილების. ამ ყველაფრის ფონზე მერი აცხადებს, რომ ქალაქში პრობლემებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ და დახმარება არ დასჭირდათ. შოთა მურღულია სხვა განზომილებაში ცხოვრობს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალაქის მერს ტელევიზიით განცხადებული ტყუილი საკუთარმა მომხრეებმაც კი არ დაუჯერეს“,-განაცხადა გია გოქაძემ.
ორგანიზაციის ბრალდებებს მერიაში პასუხობენ. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, იმისათვის, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ გადაადგილდნენ გზების გაწმენდა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
„გია გოქაძე სამი წლის წინ ტექნიკის შეძენის გამო გვაკრიტიკებდა. ამბობდა, რომ ზედმეტი ხარჯი იყო. ეს ალბათ იმიტომ, რომ წლების მანძილზე თოვლზე სრიალს მიეჩვია. ახლა აღმოჩნდა, რომ სპეცტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ერთი სიტყვით ბატონო გია, იმ ადამიანებს მაინც ეცით პატივი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და წმენდენ ქუჩებს, რათა თქვენ უსაფრთხოდ და სუფთად გადაადგილდეთ“,-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















