"ქუთაისში ვცხოვრობთ და არც გზა გვაქვს და არც ბუნებრივი აირი"
ქუთაისში, ე.წ. წერეთლის დაჩების მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივების თქმით, წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. მათი განცხადებით, დასახლებას, რომელიც ქუთაისს ეკუთვნის, არც გზა აქვს და არც ბუნებრივი აირი მიწოდება.
" შეუძლებელია გადაადგილება. წვიმაში უნდა ნახოთ აქ რა მდგომარეობა გვაქვს. ჯერ გზა არ არის და მერე მთელი ნიაღვარი გადმოდის. ელემენტარულს ვითხოვთ. გვპირდებიან, მაგრამ უშედეგოდ. სამსახურში ვერ მივდივართ და ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს, ქუთაისს ეკუთვნის ეს დასახლება და არც გზა გვაქვს და არც ბუნებრივი აირი " - აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობის პროტესტს "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია შეუერთდა.
"მოვუწოდებ მერიას, მიაქციოს ამ ადამიანებს ყურადღება. ელემენტარული, სანიაღვრე მოუწყოს, რომ წყალი მდინარესავით არ გადმოდიოდეს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი გარეუბანში ცხოვრობს თუ ცენტრში, შენი მოქალაქეები არიან და ყურადღება უნდა მიაქციო," - აცხადებს გოგი წულაია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















