ქუთაისში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მძიმეა სამი მათგანის მდგომარეაობა, რომელთაგან ერთი ბავშვია.
ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარის შედეგად კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინების შესვლისთანავე ადგილზე რამენიმე ჯგუფი გავიდა. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















