ქუთაისში ყველით შვიდი წლის ბავშვი მოიწამლა
ქუთაისში 7 წლის მოზარდი ყველის მიღების შემდეგ შეუძლოდ გახდა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია. მოზარდის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. როგორც დაზარალებულის ბებიამ, რუსუდან ჭეპხოძემ, „ნიუპრესს“ განუცხადა, ყველი ქუთაისის ე.წ. მწვანე ბაზრის მიმდებარე სავაჭრო ობიექტში შეიძინა.
„შვილიშვილი მახლდა ბაზარში, მთხოვა, რომ სულგუნი მეყიდა. სახლში რომ მოვედით, ბავშვმა დაუკითხავად მიიღო. რამდენიმე წუთში ღებინება აუტყდა, მოითენთა, რის გამოც საავადმყოფოში გადავიყვანეთ. რომ არა დროული რეაგირება, ღმერთმა იცის, რა დაემართებოდა. ბავშვის მდგომარეობა ახლა სტაბილურია“,- აღნიშნავს ჭეპხოძე.
რუსუდან ჭეპხოძის განცხადებით, მან ყველი იმ ობიექტზე მიიტანა, სადაც შეიძინა, თუმცა პასუხად ლანძღვა და მუქარა მიიღო. ჭეპხოძემ, ამის შემდეგ კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტომ გამყიდველი 500 ლარით დააჯარიმა.
„ნიუპრესი“ ე.წ მწვანე ბაზრის, ანუ შპს „ფარის“ ადმინისტარაციას დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ობიექტი ე.წ მწვანე ბაზრის ტერიტორიას არ ეკუთვნის. შპს „ფარს“კი ჰყავს ლაბორანტი, რომელიც სისტემატიურად ამოწმებს სურსათს.
„ჩვენთან, ყოველდღიურად ხდება პროდუქტის შემოწმება. ჩვენ, ასევე, მკაცრად გვამოწმებს სურსათის ეროვნული საგენტო. მსგავსი დარღვევები აქ არ გამოვლენილა“,- აღნიშნა შპს „ფარის“ ლაბორანტმა ნინო ბეშკენაძემ.
„ნიუპრესი“ იმ ობიექტის მოვაჭრეებსაც გაესაუბრა, სადაც მოქალაქემ პროდუქტი შეიძინა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















