ქვეყანაში კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული - ბექა ნაცვლიშვილი
დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა და შრომის უსაფრთოების საკითხები მხოლოდ ფორმალურად რეგულირდება, სინამდვილეში კი წახალისებულია არა თანადგომა და პასუხისმგებლიანი ქცევა, არამედ ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა.
„კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას. ეს არა მხოლოდ რომელიმე პასუხისმგებელი პირისა თუ უწყების დაუდევრობის, არამედ უფრო მეტად იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს.
გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული. ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ჩვენ წლების წინ გამოვცადეთ, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.
სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება ცვლილებების მხოლოდ სიმულირება, რაც ვითარებას ბუნებრივია ვერ შეცვლის. გამოცდილებამ გვანახა, რომ განვითარების ეს გზა იწვევს ერთეულების განვითარებასა და გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე. სწორედ ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზი. მაგრამ მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი, რისთვისაც უნდა იბრძოლოს ყველამ“, – აღნიშნულია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გარდაცვლილი 26 წლის დავით აბესაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტიდანაა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
შეგახსენებთ, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა, რაც საპენსიო საკითხთან მისი ინიციატივის გაუთვალისწინებლობას უკავშირდებოდა. მან ასევე დატოვა "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და მუშაობას დამოუკიდებელი დეპიუტატის სტატუსით აგრძელებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















