რა განსაზღვრავს ლარის სიმყარეს
ალბათ, ხშირად გინახავს თუ როგორ იცვლება ყოველდღიურად ლარის კურსი დოლართან, ევროსთან თუ სხვა ვალუტებთან მიმართებით. თითქოს ეს მხოლოდ სტატისტიკაა, თუმცა, რეალურად, ამ ციფრებში იმალება ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე.
ლარის კურსი არ არის უბრალოდ საბანკო ინფორმაცია - ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს რამდენად მყარია ეროვნული ვალუტა და რამდენად სტაბილურია ქვეყნის ეკონომიკური გარემო. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, თვალი ვადევნოთ როგორ იცვლება ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში.
- ლარის კურსი და ეროვნული ბანკის როლი
ლარის კურსის ფორმირებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეროვნულ ბანკს ეკუთვნის.
ეროვნული ბანკი ახორციელებს მონეტარულ პოლიტიკას, რომლის მთავარი ამოცანაც არის ინფლაციის დაბალი დონით შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის დაცვა.
ამ პროცესში, ეროვნული ბანკი წყვეტს, რამდენი ლარი უნდა იყოს მიმოქცევაში, ადგენს რეფინანსირების განაკვეთს და საჭიროების შემთხვევაში, სავალუტო ინტერვენციებსაც ახორციელებს – ანუ, დოლარს ყიდულობს ან ყიდის ლარის კურსის დასარეგულირებლად.
- მოთხოვნა და მიწოდება – საბაზრო პრინციპი
ლარის კურსის კიდევ ერთი ძირითადი განმსაზღვრელი არის ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბაზარზე მეტ დოლარს ითხოვენ, ვიდრე ლარს, ლარი სუსტდება. ხოლო თუ პირიქით - ლარისადმი მოთხოვნა მაღალია, ის მყარდება.
- უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი
ლარის სიმყარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი.
როცა ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები შემოდიან და ლარში ახორციელებენ ინვესტიციებს - მაგალითად, სამშენებლო სექტორში, ბანკებში ან წარმოებაში – ისინი ფაქტობრივად უცხოურ ვალუტას ლარში გადაცვლიან, რაც ზრდის ლარის მოთხოვნას და ხელს უწყობს მის გამყარებას. იგივე ხდება ტურიზმის შემთხვევაშიც.
- პოლიტიკური და გლობალური ფაქტორები
ლარის კურსზე ხშირად მოქმედებს არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ პოლიტიკური სტაბილურობა. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდი ან გარე პოლიტიკური დაძაბულობა ხშირად უკავშირდება ლარის რყევას.
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ან დოლარის გლობალური გამყარება პირდაპირ მოქმედებს ლარის კურსზე და ხშირად, უარყოფითად.
აქედან გამომდინარე, მარტივი დასანახია, რომ ლარის სიმყარეს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, ინვესტიციები, ტურიზმი და პოლიტიკური სტაბილურობა.
ლარის კურსი მხოლოდ ეკონომისტებისთვის არ არის მნიშვნელოვანი თემა - ის პირდაპირ გვეხება ყველას. ფასები მაღაზიებში, სერვისების ღირებულება, გადასახადები და ანაზღაურებაც კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარად დგას ჩვენი ეროვნული ვალუტა.
თუ გინდა უკეთ გაერკვე ეკონომიკის რეალურ მდგომარეობაში, თვალი მიადევნე ვალურის კურსის ყოველდღიურად განახლებად მონაცემებს ემბისის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ავტორი: