რატომ შეწყვიტა მერიამ ჟურნალ "განთიადის" გამოსაცემად გამოცხადებული 45 000 ლარიანი ტენდერი?
ქუთაისის მერიამ 2 მარტს გამარტივებულ ელექტორნულ ტენდერებში ატვირთა ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო, რომ მერია ჟურნალ "განთიადის" გამოსაცემად ტენდერს აცხადებს, (SPA 160007571) რომლის ღირებულებაც 45 000 ლარს შეადგენდა.
სატენდერო პირობებით მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ჟურნალ "განთიადის" გამოცემა წელიწადში 5–ჯერ, თითო გამოცემა 200 ცალი, ჯამში, 1000 ცალი. გამოსაქვეყნებელ მასალას თავად შემსყიდველი მიაწვდიდა გამარჯვებულ პირს. უჩვეულო კი ის იყო, რომ აღნიშნული თანხიდან მიმწოდებელს ჟურნალის რედაქციის თანამშრომლებისთვის ჰონორარი უნდა გადაეხადა, წლის განმავლობაში არანაკლებ 26 000 ლარი. პირობებმა დაინტერესებული პირების უკმაყოფილება გამოიწვია.
"ვინ არის ეს ხალხი, რომლებსაც გამარჯვებულმა ფირმამ ჰონონარები უნდა გადაუხადოს? ესე იგი 46 000 ლარიდან მარტო 26 000 ლარი ჰონონარებში უნდა გავცეთ? მე მგონი, რაღაც სქემაა მოგონილი ფულის გაცემის. თუ ჯურნალის გამოცემა გინდათ, რატომ გვავალდებულებთ მიმწოდებლებს იმ ხალხთან ვითანამშრომლოთ, რომლებსაც არ ვიცნობთ? იქნებ ჩვენ უკეთესი პერსონალი და ავტორები გვყავს? ვინ დაადგინა მათი ჰონონარები?"–წერს ერთ–ერთი მომხმარებელი.
2 მარტს გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მოწონებულ იქნა სატენდერო კომისიის მიერ, 10 მარტს მერიის კულტურის სამსახურის წერილის საფუძველზე შეწყდა. მასში ეწერა, რომ კულტურის სამსახურს ამ ეტაპზე "განთიადის" გამოცემა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.
როგორც მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში განმარტავენ, ტენდერის გამოცხადების შემდეგ "განთიადს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რის გამოც მერიამ შეწყვიტა ტენდერი. მომავალი თანამშრომლობისათვის კი, "განთიადთან" მემორანდუმი გაფორმდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















