რაჭიდან რეანიმობილით გადმოყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
რაჭიდან ქუთაისში რეანიმობილით გამოყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლუკა ფოფხაძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის მამუკა ნემსიწვერიძის ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანიმობილით გადაყვანა გახდა საჭირო.
მოზარდის მამიდის ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანიმობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.
მოზარდის ახლობლების მტკიცებით, რეანიმობილის ექიმი პაციენტის გადაყვანაზე უარს ამბობდა, აცხადებდა, რომ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, გადაყვანა უშედეგო იქნებოდა.
ფაქტს გამოეხმაურა ქუთაისში მყოფი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი თქმით, დადასტურდა აპარატურის დაზიანება, რამაც პაციენტის დაყოვნებდა და სავარაუდოდ, მდგომარეობის გართულება გამოიწვია. მისი თქმით, დაიწყო მოკვლევა და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 80 ერთეული რეანიმობილია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















