"რეგიონალური ნაგავსაყრელი გარემოს ზიანს არ მიაყენებს"
იმერეთში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება, რომლისათვისაც ადგილი ქუთაისის მიმდებარედ განისაზღვრა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა.
როგორც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" აცხადებენ, ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების დაცვით მოეწყობა, რაც მიმდებარე მოსახლეობისათვის და ეკოსისტემისათვის უვნებელი იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს წყალტუბოში გამართულ სემინარზე განუცხადეს, რომელიც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (სმნმკ) სახელით და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) პროექტის - „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ფარგლებში მოეწყო.
რეგიონალური ნაგავსაყრელი, მოემსახურება არამარტო იმერეთს, არამედ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.
როგორც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განაცხადა, დაგეგმილია გადამზიდი სადგურების მოწყობა, სადაც მუნიციპალიტეტიდან მიიტანენ მყარ ნარჩენს და იქედან უკვე კომპანია უზრუნველყოფს მის ნაგავსაყრელამდე ტრანსპორტირებას.
ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს ევროსტანდარტების დაცვით, რაც გულისხმობს გარემოს დაცვას, ისე რომ ნაგავსაყრელიდან არ მოხდეს წყლის გაჟონვა მიწისწვეშა წყლების მიმართულებით, ასევე უნდა გამოირიცხოს ზედაპირული წყლების დაბინძურების შესაძლებლობა, არ უნდა მოხდეს ჰაერში მომწამვლელი და უსიამოვნო სუნის ნივთიერებების გაფრქვევა, რაც მთავარია, მიმდებარე მოსახლეობისათვის ნაგავსაყრელს უარყოფითი ფაქტორი არ ქონდეს. სტანდარტების მიხედვით ნაგავსაყრელი მოსახლეობიდან 500 მეტრის დაშორებით უნდა იყოს, ამასთან ის ხეებით ისე უნდა იყოს შემოსაზღვრული, რომ მისი შორიდან დანახვა შესაძლებელი არ იყოს.
სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს შესაძლებლობა თანამედროვე ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაცნობის სამტრედიის ნაგავსაყრელის მაგალითზე, რომელიც 4 მუნიციპალიტეტს ემსახურება, სადაც გარემოსათვის ზიანის მიყენება მინიმუმამდეა შემცირებული.
რაც შეეხება რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საინჟინრო დოკუმენტის მომზადებაზე, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვა უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი დოკუმენტის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე გატანა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















