რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტს ქუთაისში გაეცნენ
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) საქართველოში, ახორციელებს რესურსდამზოგი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროექტს (RECP), რომლის მიზანია ქართულ საწარმოებში რესურსების (ენერგია, ნედლეული, წყალი) უფრო ეფექტურად გამოყენება და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. პროექტი წარმოადგენს შემადგენელ კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა - “მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის გაცნობა გრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ პროექტის გაცნობა დასავლეთ საქართველოში გრძელდება. დღეს შეხვედრა ქუთაისის თვითმმართველობაში გაიმართა, სადაც ქუთაისში მოქმედ სამრეწველო წარმოების წარმომადგენლებს რესურსების ეფექტური მმართველობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტის კოორდინატორის, მალხაზ ადეიშვილის განცხადებით, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის მიზანია საქართველოს სამრეწველო საწარმოებში ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება შესაბამისი მეთოდების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების საშუალებით და ამ გზით ქვეყანაში მდგრადი სამრეწველო განვითარების ხელშეწყობა. მისი მიზანია ასევე, სამრეწველო წარმოებაში ბუნებრივი რესურსების მოხმარების ეფექტურობის გაზრდა და წარმოების პროცესიდან გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
მალხაზ ადეიშვილის განცხადებით, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება გულისხმობს ეკონომიკის პროდუქტიულობის გაზრდას, ადამიანებისა და გარემოსადმი ზიანის მიყენების რისკის შემცირების მიზნით კომპლექსური, პრევენციული გარემოსდაცვითი ღონისძიებების მუდმივ გამოყენებას პროდუქციის დიზაინის, წარმოების და მომსახურების პროცესში.
საერთაშორისო დონეზე ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მეთოდის გამოყენება 1990–იანი წლების დასაწყისში დაიწყო.
პროექტის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დასავლეთ საქართველოში მოქმედი საწარმოები აქტიურად დაიწყებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების გამოყენებას. პროექტი პირველ ეტაპზე ექვსთვიანია და შესაძლოა, დაინტერესების შემთხვევაში გაგრძელდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















