"რიონისპირა სახლები" - ფოტოებით გაცოცხლებული ისტორიები
"რიონისპირზე ყველაფერს განსაკუთრებული სახელი აქვს, თეთრი ხიდის რუხი საყრდენები, თითქოს ნახშირის უთოებს ჩამოგავს, ამიტომ, რიონისპირელები მას "ხიდის უთოებს" ვეძახით. ისინი იყო და არის რიონის დინების ერთგვარი საზომი".
"ძველად რიონს სხვა ფერი ჰქონდა, უფრო სუფთა იყო, დინებაც შედარებით ნელი და დაბალი გახლდათ. ბავშვობიდან რიონის დინების ხმა ისეთი ბუნებრივია, დილით თუ ღამით ნანასავით ჩამესმის. რიონისპირელებს ერთი საერთო ჩვევაც გვაქვს, ყველგან ხმამაღლა ვსაუბრობთ, ალბათ, იმიტომ რომ, სადაც მივდივართ, მდინარის სუნთქვაც და დინებაც თან დაგვაქვს"-ამ შინაარსის არაერთ ისტორიას გაეცნობით ქუთაისის რიონისპირა სახლების ფოტოების მიხედვით დაბეჭდილ ბარათებზე.
პროექტსაც ასე ქვია, "რიონისპირა სახლების ისტორიები", რომლის გამოფენაც ქუთაისში "თიბისი" გალერეაში გაიმართა.
პროექტი ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ანასეული" ქუთაისის მერიის ხელშეწყობით განახორციელა.
პროექტის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მცხოვრებლების მეხსიერებაში რიონისპირა სახლების შესახებ შემორჩენილი საინტერესო ისტორიების და მოგონებების შეგროვება და მხატვრულ ფოტოებთან ერთად ღია ბარათების სახით გამოცემაა.
"გასულ წელს მერიის დაფინანსებით მოვამზადეთ პროექტი "ქუთაისი მეცხრამეტე საუკუნეში" და შევაგროვეთ მასალები. ამ მასალებში გვხვდებოდა არაერთი ინფორმაცია რიონისპირა სახლების შესახებ, როგორ შენდებოდა ქუთაისის ეს ნაწილი და როგორი იყო ხიდების მშენებლობა. გადავწყვიტეთ, ზეპირი ისტორიებით გაგვეგრძელებინა, ვესაუბრებოდით ადგილობრივებს, ვისმენდით მათ ისტორიებს, რომელთა ნაწილი მათაც მოყოლით იცოდნენ, ნაწილი პირადი ისტორიებია. აქტიურად თანამშრომლობდნენ, ასე შეიკრიბა მასალა. დავასათაურეთ და დავყავით თემებად და ფოტოებთან ერთად წარმოვადგინეთ ღია ბარათებთან ერთად, რომელიც მგონია, საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ქუთაისი, კერძოდ კი რიონისპირა სახლები აინტერესებთ," -განაცხადა პროექტის ავტორმა ანა ბაქანიძემ.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მასალა. თანამედროვე ფოტოებთან ერთად წარმოდგენილი იყო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გადაღებული ფოტოები.
პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ იმუშავა. მისი თქმით, საინტერესო იყო პროექტის ავტორთან მუშაობა, ასევე საინტერესო იყო სახლების ისტორიები.
"ბევრი საინტერესო ამბავი მოვისმინეთ, საინტერესო იყო პროექტზე ანა ბაქანიძესთან ერთად მუშაობა. კარგი ფოტოები გამოვიდა კარგ ისტორიებთან ერთად და მე ის მიხარია, რომ ამ სახით ბოლო ფოტოები მე მექნება, რადგან რამდენიმე ხანში გარემონტდება და აღდგენა მოხდება ამ სახლების და მადლობა მერიას, რომ ისტორიულ ძეგლებს ასე უფრთხილდება, უვლის და აპირებს გამოიყურებოდეს ისე, როგორც იყო,"-განაცხადა გიორგი ცაავამ.
პროექტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















