|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლების პროექტი - კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდს სასამართლოში უჩივის [VIDEO]

მუნიციპალური განვითარების ფონდს და კომპანიას შორის, რომელიც საპროექტო სამუშაოებს აწარმოებდა, ურთიერთობა სასამართლოში გაგრძელდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის  "კარკასი" არქიტექტორის გივი გოგრიჭიანის განცხადებით,  კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც,  მათ მიერ მომზადებული პროექტი დაიწუნეს, ვადების გადაცილების გამო კი ხელშეკრულება შეუწყვიტეს.  

გივი გოგრიჭიანი მუნიციპალური ფონდის გადაწყვეტილებას უსამართლობად და ქუთაისის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებად მიიჩნევს.  მისი თქმით, პროექტი შეგნებულად შეაფერხეს. როგორც აცხადებს, თვითონ   დროულად აწვდიდნენ ფონდს შესრულებული სამუშაოს შესახებ მასალებს, იქედან კი საპასუხო წერილებს, რის შემდეგაც მუშაობის ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყვნენ,  ვერ იღებდნენ. აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, სამუშაოებს მაინც აგრძელებდნენ და კომპანიის სახსრებით ახდენდნენ ძვირადღირებული ექსპერტების მომსახურების მიღებას, თუმცა,  მისივე თქმით, თანხები უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, თუ რა დიდი ზიანი მიაყენეს ამით ქუთაისს.  

 "ჩვენ მოგვივიდა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წერილი, რომ ვწყვეტთ ხელშეკრულებას, რადგან თქვენ დაარღვიეთ ჩაბარების ვადები და პროექტი არის უხარისხო. ამ დროს ჩვენ ვაბარებდით ყველაფერს ერთი კვირით ადრე და თვითონ გვიგვიანებდნენ პასუხს. ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ მომდევნო ეტაპზე მათი პასუხის შემდეგ უნდა  გადავსულიყავით, მაგრამ მათი პასუხი იგვიანებდა. ჩვენ ეს დოკუმენტურად გვაქვს დასაბუთებული და საქმე გვაქვს აღძრული მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ...  თანხა იმდენად მიზერული რამეა, იმასთან შედარებით, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით ხდება, მე ამას დავარქმევდი შეთქმულებას ქუთაისის და საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ",  - აცხადებს გოგრიჭიანი.

არქიტექტორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტის დასაცავად  სათანადოდ არ იმუშავა.

"ძალიან ძნელია დამპროექტებელმა მარტომ დაიცვა პროექტი. პროექტს სჭირდებოდა დაცვა მუნიციპალური განვითარების ფონდში, მაგრამ ქუთაისიდან განხილვაზე თბილისში არ ჩამოსულან. იქედან გაუგზავნეს წერილები, ჩამობრძანდით, ჩადექით საქმის კურსში, მაგრამ, ფაქტია,  არავინ ჩამოვიდა.  საჭირო იყო პროექტის მიმართ ქალაქიდან მეტი მხარდაჭერა. ყოველ ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენ ჩამოვდიოდით აქ და ვაცნობდით ჩვენი მუშაობის შედეგებს და იწონებდნენ"-აცხადებს გოგრიჭიანი.  

 ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებენ. 

ჩვენ დავუკავშირდით მუნიციპალური განვითარების ფონდს. საჯარო ინფორმაციის პასუხად მოგვწერეს: “ქალაქ ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურება”- პროექტზე კონტრაქტორ მხარეს შპს "კარკასი" გაეგზავნა წერილი 2020 წლის 02 ივნისიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.  ხოლო, რაც შეეხება ახალი ტენდერის გამოცხადებას, სავარაუდო პერიოდი გახლავთ ივლისის თვე". 

მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიისათვის მიწერილ წერილში ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპების ჩაბარების ვადების არაერთხელ დარღვევას,  ასევე ტექნიკური დავალების უხარისხოდ შესრულებას ასახელებს. 

რაც შეეხება სასამართლოში დაწყებულ დავას, საქმე განსახილველად გადმოეცა ქუთაისის სასამართლოს. მოსამართლე ციცინო მოსიძის განჩინებით, კომპანიის საგარანტიო თანხას ყადაღა მოეხსნა. საქმის ადვოკატის ნინო გაწერელიას განმარტებით, ძირითად სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანენ, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. 

მოთხოვნა ითვალისწინებს ასევე გაწეული სამუშაოების ანაზღაურებას. პროექტზე მუშაობაზე 50-მდე სპეციალისტი იყო ჩართული.  

გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ორი კომპანია მონაწილეობდა, ქუთაისურ კომპანიას შპს "ხუროს",  რომლის წარმომადგენელი ქუთაისის ყოფილი მერი დავით მელქაძეა, გივი გოგრიჭიანის კომპანიამ ერთი ლარით მოუგო. უპირატესობად მიიჩნიეს ისიც რომ გივი გოგრიჭიანს ამ პროექტზე მუშაობს რამდენიმე ათეული წლის წინ აქვს დაწყებული და საკითხი საფუძვლიანად აქვს შესწავლილი. როგორც ცნობილია, მან ეს პროექტი გივი გოგრიჭიანმა გასული საუკუნის 80-იან წლებში მოამზადა, იმ დროისათვის დამტკიცდა, თუმცა განხორციელება აღარ მოხდა. ამჯერად როგორც თავად აღნიშნავს პროექტი განაახლა.  როგორც თავად აცხადებს, კომპანიამ განუზომელი სამუშაოები გასწია, შეისწავლა ყველა სახლი და ყველა ადგილი. მისი თქმით, თუ პროექტი არ განხორციელდება, ეს სახლები უკვე დროს დიდხანს ვეღარ გაუძლებს.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა