რისთვის შეიძინა ქუთაისის მერიამ კარვები?
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი გია გოქაძე ქუთაისის მერიის მიერ კარვების შეძენის ფაქტს აპროტესტებს. გოქაძის განცხადებით, ქალაქის ხელისუფლება არაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობისა და შეძლებული ფენის გაძლიერებისათვის და ხარჯს მსგავს გაუგებარ აქციებში ხარჯავს: "ქუთაისის მერიამ 24 500 ლარად ოთხი კარავი შეიძინა. რისთვის არის საჭირო 4 კარავი? არის ვერსია, რომ ეს კარვები უპოვრებისთვის შეიძინეს და თუ ეს მართლაც ასეა, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელს ეს საქციელი გაჭირვებული ადამიანების დაცინვაა.
რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა რიცხვი შემცირებულიყო და როგორც "ქართული ოცნება" ამბობდა, მათ ღირსეულად ეცხოვრათ? რა გაკეთდა ქუთაისში ამისთვის? ქალაქს შეძლებული ადამიანები ტოვებენ, ღარიბების ფენა მზარდია.
კარვები არაა გამოსავალი, გამოსავალი საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციებია, რაც დასაქმებულთა რაოდენობას და ცხოვრების დონეს გაზრდის, რაზეც აქამდე უნდა ეზრუნა მურღულიას და მთლიანად ოცნებას, უკვე გვიანია,"-აცხადებს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ კარვების შეძენის ფაქტს. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ტენდერი კარვებზე ნამდვილად გამოცხადდა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. კარვების შეძენა კულტურული ღონისძიებებისათვის ხდება. წელს ღვინის ფესტივალზე ქალაქმა კარვები ინათხოვრა, მსგავსი პრეცედენტი რომ აღარ განმეორდეს, ამიტომ კარვების შეძენა გადაწყდა", -განუცხადეს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში "ნიუპრესს".
რაც შეეხება ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, მერიაში მიიჩნევენ, რომ ქალაქის ხელისუფლება ბიზნესის ხელშეწყობისათვის ყველაფერს აკეთებს და ეს ქალაქს ეტყობა კიდეც.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
16:27
13:32
16:29
















