|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მშენებლობებს მწვანე ნარგავები არ უნდა ეწირებოდეს"

 ქუთასში მწვანე საფარის უმეტესი წილი მშენებლობებს შეეწირა. ბაღებისა და სკვერების გასხვისების მიღებულმა პრაქტიკამ ქალაქი თითქმის მწვანე ნარგავების გარეშე დატოვა. გაზონებთან ერთად მშენებლობებს ასწლოვანი ხეები ეწირება.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქალაქში, როგორ ხდება ხეებისა და გაზონების მოვლა?-  ამ საკითხებზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლანდშაფტის არქიტექტორი  რამაზ კილაძე  გვესაუბრება.

–უნდა აღინიშნოს, რომ გამწვანებაში არის ყოველდღიური სამუშაოები.  თუ გამწვანების სპეციალისტი არ ხარ, ძნელია, გაიგო, რა არის საჭირო თითოეული მცენარისათვის. მცენარის მხოლოდ დარგვა არ არის საკითხის გადაწყვეტა. ის  უნდა ჯდებოდეს კომპოზიციაში.

 ხეების  დარგვა არ არის გამწვანება, ეს შეიძლება იყოს გატყიანება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ეს ხის დაკარგვაა მხოლოდ. არჩევნების დროს პოლიტიკოსები გამოდიან და  ამბობენ, ამდენ ხეს და ამდენ მცენარეს დავრგავთ, გარემოს გავამწვანებთო. შარშან ერთ–ერთი პოლიტიკოსი მოვიდა და მახარა, რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხეები დავრგეთ. იმ ხეებიდან  გახარების პროცენტი იყო ძალზე დაბალი, რადგან  მხოლოდ ამომრჩევლებისთვის მოწყობილი პიარ აქცია იყო. მისთვის არავის მოუვლია, არც წყალი დაუსხამს.   დედამიწის დღე წელსაც, 20 მარტს იყო, მაგრამ არავის გახსენებია, რადგან წელს არჩევნები არ იყო, ამდენად „ხეებიც გახმობას გადაურჩნენ“.

ქალაქის ხელმძღვანელობა რამდენად თანაშრომლობს თქვენთან და მათ საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

–შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს მართლაც შეიცვალა დამოკიდებულება, მოდიან, გვეკითხებიან რჩევებს. ბ-ნ შოთა მურღულია, მერად გახდომის შემდეგ, შეხვდა უნივერსიტეტის თანამშრომლებს. ვუთხარით, რომ კარგი იქნებოდა გამწვანების სამსახურის შექმნა, როგორიც თბილისშია, კერძოდ, ეკოლოგიისა და გამწვანების, რაზეც განაცხადა, რომ ასეთი სამსახურის შექმნას თვითონაც აპირებდა. შემდეგ შეიქმნა კიდეც ეს სამსახური, მაგრამ რჩება კვალიფიკაციის პრობლემა. თუ უშუალოდ ეს სპეციალობა არა გაქვს დამთავრებული და არა გაქვს პრაქტიკული გამოცდილება, ძალიან ძნელია ამ დარგში მუშაობა. არის სხვა საკითხებიც, მაგალითად, ცენტრალური ბულვარი გაივსო ერთწლოვანი ბალახოვანი ყვავილნარებით, რაც არ შეიძლება. ყვავილნარი  უნდა იყოს მთელი ფართობის  2–3 პროცენტი და არა 12-15. არ უნდა მოხდეს, რომ „გვინდოდა ლამაზი და გამოვიდა ძვირფასი“. ყვავილნარები უნდა გადანაწილდეს ქალაქის სხვა უბნებში. ასევე, აუცილებელია იყოს მუშათა მობილური ჯგუფი, რომლებიც საჭიროების მიხედვით,  ყოველდღიურად  მოუვლიან ქალაქის სხვადასხვა უბნებში მწვანე ნარგავებს.   პრობლემაა კვალიფიცირებული მუშახელიც, რის გამოც მარტო სწავლება კი არა, ზოგჯერ  პრაქტიკული ჩართვაც კი მიწევს ხარვეზების გამოსასწორებლად. ქუთაისი სუბტროპიკულ ზონას ეკუთვნის, აქვს განსხვავებული კლიმატი - ხშირია როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქარები, ამიტომაც აუცილებელია ქარმედეგი მცენარეების დარგვა და ქარსაფარი ზოლების შექმნა, სადაც გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ეგზოტური ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. პრობლემაა სანერგეც, სადაც საჭირო კონდიციის  და ასორტიმენტის სარგავი მასალა არ არსებობს.

რა მდგომარეობაა ქალაქში გამწვანების მხრივ?

-საბჭოთა კავშირის დროს იყო დადგენილი, რომ 1 სულ მოსახლეზე 25 კვ. მეტრი გამწვანებული ფართობი ყოფილიყო.  იმ დროს ქუთაისმა  სულზე 17 კვ. მეტრს მიაღწია, რაც კარგი შედეგი იყო, შემდეგ შემცირდა და გახდა 11, ახლა, ალბათ, 7-8 კვ მეტრია. მშენებლობებს ეწირება მცენარეები, ალბათ, ამასაც  ვერც დავუდგებით წინ, რადგან ურბანიზაცია ცივილიზაციისათვის თანმდევნი პროცესია. მაგრამ ასფალტის ხარჯზე არაფერი აშენებულა, ყველაფერი  გამწვანებული ტერიტორიების  ხარჯზე ხდება. თუმცა ყველაფერს თავის საზღვარი აქვს და ოდესმე უნდა ითქვას - შევჩერდეთ! არ შეიძლება ყველა გამწვანებული ობიექტის გასხვისება.  ზოგი ობიექტი ჩემში განსაკუთრებულ ტკივილს იწვევს, მაგალითად, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ, სადაც ასწლოვანი წიწვიანი ხეები შეიწირა მშენებლობამ, - რა საჭირო იყო იქ მარკეტის აგება, იმისთვის, რომ სარეცხი ფხვნილები გაყიდულიყო?  თუმცა, იმ მინის შენობებმა მრავალჯერ შეიცვალეს პროფილი. ასევე, რუსთაველის ხიდთან, სკვერში არსებული ობიექტი,  რომელიც,  როგორც ითქვა, ჯერ სწრაფი კვების ობიექტი უნდა ყოფილიყო, დღეს კი „ალკორიუმი“ -ა. იგი საფრთხეს უქმნის კლიენტებს, რადგან მაგისტრალი უნდა გადაჭრან.  ჩქარი მოძრაობაა და არ შეიძლება იქ მსგავსი ობიექტის განთავსება.  იგივე ითქმის ცენტრალურ მოედანზე მშენებარე „მაკდონალდსის“ შესახებ.  მკითხეს და აღვნიშნე, რომ არ უნდა აშენებულიყო იქ, რასაც იქ არსებული  გაზონი და მწვანე ნარგაობა შეეწირა.  აუცილებელია მოხდეს კონტროლი, რომ მშენებლობის დაწყებისას რაც შეიძლება ნაკლები ხეები გაიჩეხოს, ნაკლები მცენარე დაზიანდეს. არ შეიძლება, მარტო შენობა და არქიტექტურა იყოს, მწვანე საფარი  აუცილებელია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ადგენს ნორმებს, რომელიც იცავს ადამიანს. ახლა ხდება ურბანული ექსპანსია. ცდილობენ კარგი ობიექტები „ჩაიგდონ“ ხელში და არ უფიქრდებიან, რის ხარჯზე. მცენარე ქმნის ჯანსაღ გარემოს, იძლევა დასვენების საშუალებას,  ამცირებს ხმაურსა და ატმოსფეროს დაბინძურებას.

-რამდენად სათანადოდ ხდება  მცენარეების მოვლა-ფორმირება?

– ამ ბოლო დროს მდგომარეობა შეიცვალა. მიიღეს გამოცდილება და ცდილობენ რჩევების  გათვალისწინებას.   წინათ  იყო, ჭადრებს ყველა თავის სიმაღლზე ჭრიდა,   ახლა ისწავლეს და ცდილობენ დაიცვან ნორმატივები. ყოველ შემთხვევაში მდგომარეობა უკეთესობისკენაა.  მცენარეს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ საკმარისია ჟანგბადის გამოყოფა, ნახშირორჟანგის შთანთქმა, მიკროკლიმატის შექმნა, ჰაერის გაწმენდა და ა.შ. ამის გამო არ შეიძლება მიადგე და დაამახინჯო მცენარე - ერთიანად გადაჭრა ტოტები.

თუ შეგიძლიათ თქვა, რომელი ქალაქია დღეს გამწვანების მხრივ შედარებით ნორმალურად?

–ალბათ ბათუმი, მაგრამ გარკვეული პრობლემები იქაცაა, თუმცა სხვებს სჯობს. ქუთაისი ცდილობს, მაგრამ ეს მცდელობა არაა საკმარისი.

თქვენ ამ სპეციალობას ასწავლით უმაღლეს სასწავლებელში, რამდენად არის ახალგზრდების დაინტერესება ამ სფეროს მიმართ, თუ არის მოთხოვნა?

- იყო დრო, ამ სპეციალობაზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა შემცირდა, რისი მიზეზი ისიცაა, რომ  არ ფინანსდება, თუმცა მაინც არის გარკვეული დაინტერესება, რაც იმედებს იძლევა. ბევრი სტუდენტი მოდის მაინორ პროგრამაზე, სწავლობენ და შემდეგ არქიტექტურის დიზაინში მუშაობენ. ძალიან კარგი სპეციალობაა, საჭიროა ამის შესახებ ახალგაზრდების მეტი ინფორმირებულობა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა