რომელი ფირმები უზრუნველყოფენ ქუთაისის საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას?
ბაღებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღეა, რაც განახლდა. "ნიუპრესი" დაინტერესდა, რომელი ფირმები უზრუნველყოფენ პატარა აღსაზრდელების კვებას. როგორც ბაგა-ბაღებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, გაერთიანებამ კვებითი უზრუნველყოფისათვის 12 ტენდერი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულებაც 1 627 510 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიებმა ბაღებს 33 დასახელების პროდუქცია უნდა მიაწოდონ.
როგორც ირკვევა, ტერდერში იმავე ინდ. მეწარმემ გაიმარჯვა, რომელიც ბაღებს ხორცპროდუქტებით გასულ წელსაც უზრუნველყოფდა, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მიწოდებული ხორცის ვარგისიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. წელს ი/მ მამუკა მენთეშაშვილი ბაღებს 326 598, 99 ლარის სანაცვლოდ მოემსახურება.
საბავშვო ბაღების პურპროდუქტებით მომარაგებას შპს "ალატი" უზრუნველყოფს (207 425, 08 ლარი), მცენარეულ პროდუქტს (412 439 ლარი) და ზეთს გაერთიანება შპს "GMM" აწვდის (29 518.8 ლარი). რძის პროდუქტებითა და ტკბილეულით მომარაგებას შპს "ჯი აი სი ჯორჯია" უზრუნველყოფს. ამ ორგანიზაციამ გაერთიანების მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერში გაიმარჯვა. გაერთიანების კვებით უზრუნველყოფას სულ 5 კომპანია და 2 ინდმეწარმე მოემსახურება. კითხვაზე, რა კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, შესაბამისი პასუხი ვერ მივიღეთ.
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაახლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება. 2014-2015 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 144 საბავშვო ბაღი და 781 სკოლის სასადილო შეამოწმა, საიდანაც ოთხ მათგანს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















