"რუსთავი 2"-ის აქციას მხარდამჭერები ქუთაისიდან შეუერთდებიან
"რუსთავი 2" -ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი 11 მარტს, 14 საათზე თბილისში გაიმართება.
აქციას ქუთაისიდან პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეუერთდებიან. თუმცა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განაცხადა, აქციაზე დასაწრებად პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მობილიზება არ მოხდება.
"ორგანიზებულად არ მივდივართ, თუმცა პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები მივდივართ "რუსთავი 2"-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად. აქციაზე დასწრების მსურველები არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, ვინც გავემგზავრებით რუსთავი 2 აქციაზე. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი მსურველი იქნება და მხარში დავუდგებით "რუსთავი 2"-ს,-განაცხადა გიგა შუშანიამ.
აქციაზე დასასწრებად მიემგზავრებიან "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. "მივდივართ ორგანიზებულად, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც წინა აქციაზე" -განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.
მისი თქმით, წინა აქციაზე მათი პარტიიდან მაშინ 500-ზე მეტი ადამიანი წავიდა რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე კი ამის საჭიროება არ არის: "მას შემდეგ რაც სტრასბურგმა ცივი წყალი გადაასხა ოლიგარქის ახირებას, საკითხის სიმწვავე ამ ეტაპზე შემცირებულია, ტემპერატურა დაწეულია, ამიტომ მივდივართ, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც წინა აქციაზე- განუცხადა "ნიუპრესს" გია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს გამართულ აქციას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იმერეთიდან ორგანიზებულად შეუერთდნენ.
ასევე ორგანიზებულად გაემგზავნენ აქციაზე დასასწრებად "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















