რუსთაველზე ყოფილი „ქორწინების სახლის“ ფასადს ანგრევენ
ქუთაისში, რუსთაველის 17 ნომერში მდებარე „ქორწინების სახლის“ ფასადს ანგრევენ. უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობის ფასადი ქართული ორნამენტებითა და წარწერებით გამორჩეოდა. შენობა, სადაც წლების განმავლობაში „ქორწინების სახლი“ და სამოქალაქო რეესტრი იყო განთავსებული. ახლა შენობა როგორც იერ-სახეს, ასევე დანიშნულებას იცვლის.
ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. დასაქმებულები ირწმუნებიან, რომ შენობაზე არსებული ორნამენტები თავისით ცვიოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ფასადის შეცვლის, რაზეც ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ნებართვაც არსებობს.
„ცვიოდა თავისით და ვხსნით. ვინ გითხრათ, რომ ვამტვრევთ? ვხსნით და ვინახავთ“,-განაცხადა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.
თუმცა ორნამენტები, სამუშაო იარაღების საშუალებით, ძალისმიერი მეთოდით იმტვრევა და ჩამოხსნილი ნაწილებიც თავიანთ პირვანდელ სახეს ვერ ინარჩუნებენ.
აღნიშნულ შენობაშო ორი ობიექტი ფუნქციონირებს. ერთ-ერთში, სახელად „ბერმუხა“ კაფე-ბარია განთავსებული. მისი წარმომადგენლის განცხადებით, შენობა ავარიულია, საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება შემოღობვის, რომ არავინ დაშავეულიყო. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ახალ შენობაში დარბაზი მოეწყობა და შენობა პირვანდელ ფუნქციას აღარ დაიბრუნებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, შემდეგ შენობის ფასადის შეცვლის ნებართვა გაიცა.
„შეუძლებელია პირვანდელი სახით შენარჩუნება, ექსპერტიზის დასკვნაა. ამიტომ მფლობელმა დარიკო ჩაჩავამ მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს ორნამენტების ჩამოღება. ვერ გეტყვით, ზუსტად რა კეთდება. ცუდია, რომ ვერ მოხდა ფასადის შენარჩუნება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სამუშაო წესის დაცვით მიმდინარეობს“-განაცხადა ინგა ავალიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შენობის ნაწილზე, სადაც მისი ობიექტია განთავსებული, ფასადის შეცვლა არ მოხდება და ძველი ორნამენტები შენარჩუნდება.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბექა ჭეიშვილის განცხადებით, შენობა ავარიულია და მფლობელმა რეკონსტრუქციის ნებართვა ითხოვა, რომ არ მოხდეს ვინმეს დაზიანება.
არსებული ინფორმაციით, შენობა სამი წლის წინ გასხვისდა. ის წლების განმავლობაში ეკომომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















