|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვიძლის კიბოს წარმოქმნას ყავა 40 პროცენტით ამცირებს

ყავა რომ უმრავლესობის საყვარელი სასმელია, ვიცით. მასზე კარგიც გვსმენია და ცუდიც. მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ ყავის ყველა პლუსი და მინუსი.
ყავა ორგანიზმისთვის რამდენიმე აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ამერიკანოს სტანდარტული ჭიქა შეიცავს ვიტამინებს: B 2 (დღიური ნორმის 11 პროცენტს), B 5 (6%), B 1 (2%), B 3 (2%), ფოლიუმის მჟავას (1%), კალიუმს (3%), მაგნიუმს (2%), ფოსფორს (1%). შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცოტაა, მაგრამ გადაამრავლეთ იმ ყავის ჭიქების რაოდენობაზე, რომლებსაც დღეში სვამთ. გარდა ამისა, ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ადამიანი, რომელიც დიეტაზეა, ყავისგან მეტ ანტიოქსიდანტს ღებულობს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულისგან.

დასკვნა:
თუ დღეში ერთ ჭიქაზე მეტ ყავას სვამთ, მინერალებისა და ვიტამინების გარკვეულ რაოდენობას იღებთ; თუ ხილსა და ბოსტნეულსაც შეჭამთ, ვიტამინების ნაკლებობის საკითხი აღარ შეგაწუხებთ.

კოფეინი შეიცავს სტიმულატორს, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
უალკოჰოლო სასმელები (ჩაი, ყავა) შეიცავს კოფეინს, საშუალოდ 300-300 მგ-ს, მაგრამ საშუალო ჭიქაში მხოლოდ 90-100 მგ-ია. კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც დაღლილობის ჰორმონს ბლოკავს. ყავის დალევის შემდეგ დაღლილობას ვერ გრძნობთ, შრომისუნარიანობა და ყურადღება იმატებს. ტვინის გააქტიურების გარდა, ყავა განწყობასაც აუმჯობესებს.
რაც შეეხება მეტაბოლიზმს, ყავის შემდეგ იგი 3-დან 11 პროცენტამდე მატულობს, სპორდარბაზში ვარჯიშის შემდეგ - 11-12 პროცენტით.

ყავა სასარგებლოა, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. დღეში 4 ჭიქაზე მეტს ნუ დალევთ, განსაკუთრებით, თუ დღის განმავლობაში, ყავის პარალელურად, ჩაისაც სვამთ ხოლმე.

ყავა იცავს ადამიანს ისეთი ასაკოვანი დაავადებებისგან, როგორებიცაა: პარკინსონი და ალცჰეიმერი.

ყავის მსმელები იშვიათად ავადდებიან დიაბეტის მეორე ტიპისგან. ბოლო დროს ეს დაავადება 10-ჯერ მომრავლდა. მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა დიაბეტის მეორე ტიპით. იგი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმის რეაქცია იცვლება ინსულინზე. ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ ყავას, 23-67 პროცენტით ნაკლებად უვითარდებათ დიაბეტი.

ყავის მოყვარულები იშვიათად ავადდებიან ღვიძლის დაავადებებით. ღვიძლის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა,მაგრამ ყავა მის წარმოქმნას 40 პროცენტით ამცირებს.

ყავის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან დეპრესიით და ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
დეპრესია ფართოდ გავრცელებული გლობალური დაავადებაა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით, ყავის მოყვარულებს 20 პროცენტით ნაკლებად ემართებათ დეპრესია, ხოლო 53 პროცენტით ნაკლებად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ყავის მსმელები დიდხანს ცოცხლობენ. 2012 წელს გამოქვეყნდა  New Enlgand Jorunal of Medicne-ის კვლევა. ექიმები 13 წლის განმავლობაში 50-დან 71 წლამდე 402 260 ადამიანის  წეს-ჩვეულებებს აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ყავას, დანარჩენებზე დიდხანს ცოცხლობდნენ.

ახლა რაც შეეხება ყავის უარყოფით მხარეებს:
თუ ძალიან ბევრ ყავას სვამთ (დღეში 5 ჭიქაზე მეტს), შეიძლება უსაფუძვლო შიშები და გაღიზიანებულობა დაგეწყოთ. გარდა ამისა, გიტევთ პანიკა და გახშირებული გულისცემა გაქვთ.

თუ კოფეინის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ხართ, უმჯობესია, ყავის სმისგან თავი შეიკავოთ.

თუ უძილობა გაწუხებთ, დღის 2 საათის შემდეგ ყავას ნუ დალევთ.

ყავას წნევას მაღლა სწევს. გაფრთხილდით, რომ ჰიპერტონია არ დაგემართოთ.

ყავა იწვევს მიჩვევას და თუ ადრე 1 ფინჯანი ყავა საკმარისი იყო, თავი მხნედ გეგრძნოთ, რეგულარული სმის შედეგად დღეს შეიძლება 2-3 ფინჯანიც არ მოქმედებდეს თქვენზე.

დაბოლოს, სვით ჯანსაღი, ხარისხიანი ყავა, თუ ის სიამოვნებას განიჭებთ. თუ გრძნობთ, რომ მასზე დამოკიდებული ხდებით, რამდენიმე დღე შეისვენეთ მისგან, რათა დღეში ერთმა ფინჯანმაც კი კარგი განწყობა შეგიქმნათ, ჯანმრთელობა გაგიუმჯობესოთ და შრომისუნარიანობა მოგიმატოთ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი