"საარჩევნო კოდექსი" მმართველი ძალის სასარგებლოდ იცვლება
არასამთავრობო სექტორი "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს მმართველი პარტიის შემოთავაზებულ კანონპროექტს.
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტის ბიუროზე 5 ივნისს დარეგისტრირდა.
კანონპროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები „ქართული ოცნების“ წევრი 15 დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, გედევან ფოფხაძე არიან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" განმარტებით, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციებში პარტიების მიერ დანიშნული შვიდი წევრიდან „ქართულ ოცნებას“ ერთი წევრი ჰყავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი მას ოთხი წევრი ეყოლება.
კანონპროექტს ცვლილებები შეაქვს საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლში, რომლის შედეგადაც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება აღარ იქნება დამოკიდებული პარტიის მიერ მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე და ის განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით.
მე-13 მუხლის მოქმედი რედაქცია არ იძლევა ერთი პარტიისთვის ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლებას, ანუ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ დანიშნული 7 წევრიდან შვიდივე სხვადასხვა პარტიის დანიშნული უნდა ყოფილიყო. შემოთავაზებული ცვლილებებით, კი ის პროპორციულად დაკავშირებული იქნება არჩევნების შედეგებთან და თეორიულად შესაძლებელია შვიდივე წევრი ერთმა პარტიამ დააკომპლექტოს. ასევე, მოქმედებს 5%-იანი ბარიერი, ანუ ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნა მხოლოდ ბარიერგადალახულ პარტიებს შეეძლებათ, რაც, ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს მრავალპარტიული წარმომადგენლობის შესაძლებლობას.
ახალი წესის ამოქმედება 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ არის გათვალისწინებული. თუ პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს, პარტიების მიერ დასანიშნი შვიდი წევრიდან „ქართულ ოცნება” დანიშნავს ოთხს, თითო-თითოს კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო” და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.
"საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის არჩევნების შედეგებზე მიბმას ჩვენც ვუწევდით რეკომენდაციას, თუმცა არა მსგავსი გაუმართლებელი ფორმით. ჩვენს შემოთავაზებაში ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრი შეეძლო დაენიშნა და არა - შვიდივე"-, აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში".
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















