|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ ითხოვს ქუთაისის მერია 6 ათას ლარს "გირჩის" ადგილობრივი ლიდერისაგან

ქუთაისის მერია  "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელის, თემურ ცამციშვილისგან  6 ათას ლარს,   სააპელაციო სასამართლოს განაჩენის  საფუძველზე ითხოვს.   თემურ ცამციშვილს სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვის ბრალდებით,  6000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, "გირჩის" ოფისში თემურ ცამციშვილი ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას, კანონის დარღვევის გარეშე იხდის, ქალაქის მერიის მოთხოვნას კი  მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს.

" ჩემს პოლიტიკურ გააქტიურებას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა წერილი მერიიდან. როგორც აღმოჩნდა,  რამდენიმე თვეში, ჩვენ მოვახერხერთ საშიში გავმხდარიყავით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ებრძოლონ პრობლემებს და დაკავდნენ რეალური საქმით, დაიწყეს პერსონალური, პოლიტიკური ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ",-აღნიშნა ცამციშვილმა.

ახალი პოლიტიკური ცენტრის იურისტის, ვალერი თევდორაძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნა  პოლიტიკური ზეწოლაა. 

"შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ეს  ზიანის საზღაურია. ამ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასამართლოს უნდა მიმართოს. ვფიქრობ,  ეს კანონმდებლობა  უნდა იცოდეს ქალაქის მერიამ. სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს მსგავსი არაპროფესიონალური გამოხტომებით უსაფუძვლო მოთხოვნების  დამყარება",-აღნიშნა თევდორაძემ.

 ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ცამციშვილმა გამოტანილი განაჩენი კარგად უნდა წაიკითხოს.

"მერია  მას თვითმმართველობაზე მიყენებულ ზიანს ედავება, ხოლო სასამართლომ მას დაუწესა ჯარიმა სასჯელის სახით. თუ დათანხმდება მერიისთვის მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე და გამოთქვამს სურვილს თანხის განწილვადებით გადახდაზე მერია დაეთანხმება და განუწილადებს თანხას";-განუცხადეს "ნიუპრესს" მერიის პრესსამსახურში.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი