|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა

16 მარტიდან მასწავლებლების (პედაგოგობის მსურველთა), საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აპლიკანტებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ  (online.naec.ge; www.naec.gov.ge ). რეგისტრაცია 12 აპრილს დასრულდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატს არჩეული ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს სიახლეა: შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულება „მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გაიყო ორ ნაწილად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

როგორც ცნობილია, 2016 წელს აპლიკანტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ, რაც მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს (აპლიკანტი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს).

ავტორი: ანი ლიპარიშვილი