|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მოყვანილი მწვანილი ევროპის ბაზარზე გადის

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იმერეთს გუბერნატორის პირველი მაოდგილე პაატა ნადირაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც  სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის „ჯანელიძეების“  წევრებს შეხვდნენ და მათი სათბურები დაათვალიერეს.

კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო  ფართი  3 ჰა-ს შეადგენს. დახურულ გრუნტში  ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს  აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია  ადგილობრივ საბითუმო  ბაზრებზე ხდება. შპს  „ჰერბიასთან“  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, პროდუქციის  ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას  ლარამდე  შეადგინა.

პროდუქციის  მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი  ღია  გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია. კოოპერაცია ხელს უწყობს  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას,  რაც იმპორტირებული პროდუქციის  ადგილობრივით  ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  ,,ჯანელიძეები“ არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარედეს წარმოება და  საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა“, -  განაცხადა ოთარ დანელიამ.

კოოპერატივი „ჯანელიძეები“ 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6  მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის წევრთა 25-მდე გაზრდა.  კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს. 

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.   იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად  სფეროებს  სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და  მეცხოველეობა  წარმოადგენს.

2015 წლის ბოლო კვარტალში შპს „ჰერბია“-ზე გაყიდულმა მწვანილმა 34 319 ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარში ჰერბია-ს 114000, თებერვალში 17 925, მარტში კი 57188 ლარის პროდუქცია მიეწოდა. 

შეგახსენებთ, მწვანილის წარმოების სექტორში შპს “ჰერბია" ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მქონე პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მაღალი ხარისხის მწვანილის ექსპორტს ევროპის ბაზრებზე ახორციელებს. წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიის საშუალებით გულდასმით ხდება მწვანილის შერჩევა, დახარისხება, პლასტმასის ყუთებში მოთავსება და მომხმარებლებთან გადასაგზავნად მომზადება. შპს “ჰერბია" პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად გერმანელი და ჰოლანდიელი საბითუმო მოვაჭრეების დისტრიბუციის ქსელით ახერხებს. ფირმის სათავო ოფისი წყალტუბოში მდებარეობს.

 (R)

ავტორი: ნიუპრესი