ახალი საგანი "მე და საზოგადოება" სკოლებში 2016 წლიდან შევა
ახალი საგანი "მე და საზოგადოება" სკოლებში 2016 წლიდან პილოტირებული კუთხით შევა. ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი თეა ქარჩავა უძღვებოდა. როგორც ცნობილი გახდა, საგანმანათლებო სისტემაში საფეხუროვანი ფორმით იქნება დანერგილი ახალი საგანი "მე და საზოგადოება", რომლიც მე-3 და მე-4 კლასებში სამოქალაქო ცნობიერების ადაპტირებული პროგრამით შევა.
"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მრგვალი მაგიდა და ამ საქმის განხილვა, რადგან სამოქალაქო ცნობიერების და განათლების თვალსაზრისით უკვე საფეხუროვანი ფორმით იქნება საგანმანათლებო სისტემაში დანერგილი. ეს სამოქალაქო განათლების პედაგოგისთვის, მოსწავლეებისა და სამოქალაქო ცნობიერების საზოგადოების ჩამოსაყალიბლებლად წინგადადგმული ნაბიჯია. განხილვები ამ კუთხით უფრო დააგვაახლოვებს იმ ცნობიერებას, რომლითაც ჩვენ მომავალი საქართველო უნდა ავაშენოთ", - განაცხადა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნოდარ ჭუმბურიძემ.
"საგანი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდან კარგი მოქალაქისთვის საჭირო ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები მიიღონ. ეს კი ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს",- განაცხადა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სოფიო მურუსიძემ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში მოეწყო. შეხვედრას სასულიერო პირები, პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















