"თეთრი ხიდის" სამუშაოები სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებით [VIDEO]
"თეთრ ხიდზე" სარეაბილიტაციო სამუშაოებს სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებში გამოწყობილი მუშები ასრულებენ. ამის შესახებ ვიდეო კადრებს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ხიდზე და როგორ არიან ჩართული სამუშაოებში.
"ზუსტად 2 თვის წინ უნდა დასრულებულიყო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც მეხუთე თვეა გრძელდება, რადგან დროში გაიწელა ბარემ არჩევნებს უნდათ დაამთხვიონ. მუშებსაც როგორ მოუხდენიათ ჭიღვარიას საყვარელი კანდიდატის მაისურები"-წერს ორგანიზაციის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. მას შენიშვნები ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხთანაც აქვს.
"მდგრადობას ცხადია არც გაკარებიან, ვერ გაღებეს ნორმალურად! ლითონის ფირფიტებით აწყობენ სავალ ნაწილს, რომელთა უმრავლესობა უკვე დეფორმირებულია და წყლის გუბეებს წარმოქმნის! ფირფიტები, რომლებიც ზაფხულში გაუსაძლისად ცხელი იქნება და ზამთარში მოიყინება! ხიდის წონაც და მომავალიც ერთნაირად დაამძიმა ამ გაუგებარი ინტერესების და მოტივაციების ხალხმა! ამათ სძულთ ქუთაისიც და დანარჩენი საქართველოც!"-წერს ბარათაშვილი.
კომპანია „ალმა რუს საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჩიკვაიძე „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ პირები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები აცვიათ, მისი თანამშრომლები არ არიან.
„ეგ არის ტყუილი. მაჩვენეთ ეგ ვიდეო და გეტყვით, რომ ეგ ადამიანები ჩემი თანამშრომლები არ არიან. გამორიცხულია, ჩვენ არ ვართ რაიმე კავშირში. ჩემი თანამშრომლები არ არიან ამ მაისურებით, ვიღაცამ თუ გამოიარა, მე არ ვიცი. დადიან რიგითი მოქალაქეები, ღიაა ხიდი და ვინ გაივლის მაისურეთ, მაგას ვერ ვაკონტროლებ. არავითარი აგიტაცია არ ხდება და არც გამოვხატავთ. არ გამხვიოთ ამ პოლიტიკურ ამბავში, ჩვენი პრობლემა გვაქვს და არ ვერევით ამ ამბავში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვაიძემ.
მან ასევე ისაუბრა ხიდის გახსნის თარიღზეც და განაცხადა, რომ ხიდი თვის ბოლოს გაიხსნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. მისივე თქმით, მას ჯარიმა არასწორად დაერიცხა.
„ხიდი თვის ბოლოს გაიხსნება, თუ ვერ მოვასწრებთ, კიდევ დაგვაჯარიმებენ. არ გვეკუთვნოდა დაჯარიმება, რადგან მერიამ პროექტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები გათვალისწინებულია, მაგრამ ვადები არ გადაწიეს და დაგვაჯარიმეს, რაცაა ეგაა. გადავიხდით ამ ჯარიმას. თავიდანვე არ იყო ვადები განსაზღვრული სწორად, მაგრამ ჩემი ბრალია, რადგან დავთანხმდი და მივიღე მონაწილეობა ტენდერში“, -განაცხადა ზურაბ ჩიკვაიძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















