|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა. 

ვინაიდან  სამტრედია–გრიგოლეთის ტერიტორია ჭარბწყლიანი ნიადაგით ხასიათდება, მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნოლოგია გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟების მოთავსებას ითვალისწინებს, რაც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს და მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.

პროექტის ფარგლებში  4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით) და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მოხდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა. 

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ სამტრედიასა და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებზე: ტოლებზე, გორმაღალაზე, პირველ მაისსა და გაუწყინარზე გადის.

პროექტის ღირებულება 153,5 მლნ. ლარია, მას  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM ახორციელებს. დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი