"სამტრედიაში სამართალდამცველებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სცემეს"
სამტრედიაში მცხოვრები ჩაჩუები სამართალდამცველებს მათ არასრულწლოვან შვილზე ძალდაობაში ადანაშაულებენ. 12 წლის მოზარდის დედა დონარა ცხვარაძე აცხადებს, რომ მისი შვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის პირველ ივნისს მოხდა. ინფორმაცია სააგენტო "ნიუპოსტმა" გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში აღმოაჩინეს, რომ მათ შვილს მაღაზიაში ვალი ქონდა, როგორც გაირკვა, ვალი სხვა ბავშვებმა ააღებინეს, ამის გამო მოზარდა მაღაზიაში წასვლაზე უარი განაცხადა, გაღიზიანებულმა კი 112-ში დარეკა და ოპერატორს უთხრა, რომ მამამ მასზე იძალადა.
როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა ყვება, მოზარდმა მოიტყუა, მამაზე შური იძია, რადგან ვახტანგ ჩაჩუამ შვილს შესთავაზა, მაღაზიაში აღებული ნისიების წარმომავლობა ერთად გაერკვიათ. 112-ში განხორციელებული პირველი ზარიდან დაახლოებით 5 წუთში, მას შემდეგ, რაც აგრესიული მოზარდი დამშვიდდა, მან თავად დარეკა გადაუდებელი მართვის ცენტრში, მამის მიერ ძალადობა უარყო და ზარის გაუქმება მოითხოვა.
დონარა ცხვარაძის თქმით, 112-ში განხორციელებული ზარის შემდეგ, სამტრედიაში მათთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სერგო შენგელია და ჯონი ჩუბინიძე მივიდნენ და მომხდარის გარკვევას მამასთან და შოთიკოს ხანდაზმულ ბაბუასთან შეეცადნენ და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს.
"პოლიციელებმა, სერგო შენგელიამ და ჯონი ჩუბინიძემ შოთიკო სკოლის ეზოდან გაიტაცეს. მოატყუეს ბავშვი, რადგან 112-ში დარეკე, ახსნა-განმარტება უნდა ჩამოგართვათ განყოფილებაში, მამაც იქ არის და 5 წუთში ორივეს სახლში მოგაბრუნებთო.
პოლიციელთა მხრიდან ზეწოლა განხორციელდა სამტრედიის განყოფილებაშიც, სოციალური მუშაკის გარეშე, ასევე ოჯახის წევრების თანდასწრების გარეშე, მარტო შეიყვანეს განყოფილებაში, არც მამა აჩვენეს. ბუნებრივია, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვი გაღიზიანდა, უმართავი გახდა. იმდენად უნდოდათ ჩემი მეუღლის წინააღმდეგ საქმე აღეძრათ, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, დაკითხვას აგრძელებდნენ. შოთიკო ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ბოლოს იძულებული გახდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადით სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაეყვანათ. საავადმყოფოში მიყვანილი შოთიკო მამის სახელს იძახდა, მასთან შეხვედრას ითხოვდა“, - აღნიშნავს შოთიკოს დედა.
მისი თქმით, ბავშვის მამა დაკავებული ყავდათ და მოზარდს არ აჩვენებდნენ. მოზარდის მონათხრობით ის ილო თევზაძემ სცემა.
ოჯახი დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება სოცილაურ მუშაკს. მათი ინფორმაციით, საქმეს უკვე სწავლობენ სახალხო დამცველის აპარატში.
ბავშვის მამა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ოჯახმა კი მომხდარის გამო პროკურატურას მიმართა. მათი ინფორმაციით, გამოძიებაც დაწყებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძახების ადგილზე მოზარდი პოლიციას არ დახვდა, ქუჩაში დაინახეს, გადაიყვანეს განყოფილებაში. პარალელურად, გამოიძახეს სოციალური მუშაკი. მათი განცხადებით, განყოფილებაში მისული სოციალური მუშაკი ესწრებოდა გამოკითხვის პროცედურას, ბავშვმა უარი განაცხადა ექსპერტიზაზე, გახდა აგრესიული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც მოზარდი გადაიყვანა ადგილობრივ საავადმყოფოში და შემდგომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახის მიმართვის საფუძველზე გამოძიება 333–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















