სამხატვრო სკოლაში შესახლებულები შენობის გადახურვას ითხოვენ
ქუთაისში, სამხატვრო სკოლაში შესახლებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დღეს "ევროპული საქართველოს" წევრებმა მოინახულეს.
შენობაში თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი აუტანელ პირობებში ცხოვრობს. შენობაში არ არის წყალი, გაზი და ელექტროენერგია. ზამთრის დღეებში კი მათი მდგომარეობა შენობაში ჩასულმა ნალექმაც დაამძიმა. ისინი მთავრობისაგან პირველ რიგში, შენობის გადახურვას ითხოვენ.
„მე ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას შეიძლება აწყობს კიდეც, რომ ეს შენობა დაინგრეს და ეს ტერიტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული თვალსაზრისით ვიღაცებისთვის, გახდეს მერე ცარიელი ტერიტორია,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა აკაკი ბობოხიძემ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ოჯახები სამხატვრო სკოლის შენობაში უკანონოდ შეჭრილები არიან. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით მათ დაკმაყოფილებას, ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ეწყობა, სადაც ფართით იმ სოციალურად დაუცველების უზრუნველყოფა მოხდება, რომლებიც დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ყოფილი სამხატვრო სკოლა ირაკლი აბაშიძის #18-ში მდებარეობს. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, თუმცა შემდეგ მერიის ააიპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას“ გადაეცა, რომელიც შენობისათვის პირვანდელი ფუნქციის აღდგენას ითხოვს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















